15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

სოფო ხორგუანი: მოვითხოვთ პატიმრის სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე სასწრაფო გამოძიებას

პარტია „საქართველოსთვის“ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიერ გაჟღერებულ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე სასწრაფო გამოძიების დაწყებას და საქმის სრულყოფილ შესწავლას მოითხოვს.

პარტიის წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუცილებელია საქმესთან დაკავშირებული ყველა ვიდეოკადრის სრულად გასაჯაროება, ხოლო გამოძიების დასრულებამდე პენიტენციური სისტემის შესაბამისი ხელმძღვანელისა და საქმეში მხილებული პირების უფლებამოსილების შეჩერება.

„საქართველოსთვის“ ასევე ითხოვს სავარაუდო დაზარალებული პატიმრის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

„მივმართავ პირადად პაატა სალიას, პასუხისმგებლობა აიღოს ამ ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე“, — განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

მისივე თქმით, პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატები პატიმარს შეხვდებიან და საქმის მიმდინარეობას თვალს ბოლომდე მიადევნებენ.

საქმე ეხება პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, მას მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგის თანამშრომლებმა სექსუალურად იძალადეს. დავითაძემ აღნიშნული ბრალდებები სასამართლო პროცესზე გააჟღერა.

პატიმრის მტკიცებით, სავარაუდო ძალადობის ფაქტს რამდენიმე ბადრაგი მონაწილეობდა. მისი განცხადებით, ამ ეტაპამდე აღნიშნულ საქმეზე არცერთი მათგანი პასუხისგებაში არ მიცემულა.

საქმესთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული დაახლოებით ოთხწუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა. გავრცელებულ კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება პატიმარსა და ბადრაგის თანამშრომლებს შორის.

პენიტენციური სამსახურის პოზიციით, გავრცელებული ვიდეომასალა პატიმრის მიერ სექსუალურ ძალადობაზე გაკეთებულ განცხადებებს არ ადასტურებს. უწყება მიიჩნევს, რომ დავითაძის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

„საქართველოსთვის“ კი საქმის სრულყოფილ და დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს და აცხადებს, რომ საპარლამენტო მექანიზმებს გამოიყენებს, რათა ფაქტზე რეაგირება მოხდეს.

„ჩვენი გუნდი გამოიყენებს ყველა საპარლამენტო მექანიზმს, რომ აღნიშნული უმძიმესი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენი პარტიის ფრაქციის დეპუტატები შევხვდებით პატიმარს, ამ უმძიმეს ფაქტს ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს და საზოგადოებას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას“, — განაცხადა ხორგუანმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა უკრაინას 2.9 მილიარდი ევრო გამოუყო
შემდეგი სტატიაგიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო სრული არ არის