სოფიო ქაცარავა : რეზოლუციის მომზადება აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა

აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების დამგმობი რეზოლუციის მომზადება სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი მხარდაჭერა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნამდვილად უპირობო და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა. იმ მოვლენებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, რისი მომსწრენიც ვართ, მსგავსი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია მოზადდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას. „ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (client state) – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას“ – აღნიშნულია რეზოლუციაში.

banner
წინა სტატიაში“სინანული ფორმალობაა, მას ჩემი გაჩუმება და თავისი სკამის შენარჩუნება სურს”- დათუნაშვილი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა