სოფიო კილაძე – ჩვენი წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობას სიმართლეს არ ვუმალავთ

სუს–ი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ცდილობს მოსახლეობას მოახსენოს შუალედური შედეგების შესახებ და ჩვენი წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობას სიმართლეს არ ვუმალავთ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სუს–ი დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე იქნას გამოძიებული.

”მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეებს, გიორგი გახარიას, ასევე რიგით სპეცრაზმელებს, რომ ააცილეს საფრთხე ქვეყანას, თუმცა, იმავდროულად, დაგვეღუპა ერთი სპეცრაზმელი და კიდევ ერთხელ სამძიმარი მინდა ვუთხრა მის ოჯახს. ამ შემთხევაში სუს–ი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ცდილობს მოსახლეობას მოახსენოს იმ შუალედური შედეგების შესახებ და ჩვენი წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობას სიმართლეს არ ვუმალავთ.

ჩატაევს რაც შეეხება, უნდა გავმიჯნოთ ორი რამე ერთმანეთისგან. ერთია, რა გარემოებების გამო მოხდა ამ ადამიანის გათავისუფლება და იყო, თუ არა ის საფუძვლები დაკმაყოფილებული კონკრეტულად მასთან მიმართებაში, რის გამოც დაკავებული ჰყავდა წინა ხელისუფლებას. მეორე საკითხია ის, რაც ამ ადამიანმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ. ძალიან გთხოვთ, ნუ ავურევთ ამ ორ თემას. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ 21-ე საუკუნეში ყველა ქვეყანაში ხდება ტერორიზმი და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სამსახურები მუშაობს არაეფექტურად. მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიდეს საქმე. ამ შემთხევაშიც მოვახდინეთ საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსწავლე სადისტური დაზიანებებით შემოვიდა-მიმდინარეობს ბრძოლა გადასარჩენად-საავადმყოფოს დირექტორი
შემდეგი სტატიადაჭრილ 16 წლის მოზარდს სადისტური დაზიანებები აქვს მიყენებული, ექიმთა მთელი ჯგუფი იბრძვის ბავშვის გადასარჩენად