სოფიო ხუნწარია: უახლოეს მომავალში მერია კულტურის მდგრადი განვითარების შესანარჩუნებლად, კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს

დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პირობებში სხვა სფეროებთან ერთად, სახელოვნებო მიმართულებაც დაზარალდა.

როგორც მან პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ საუბრისას აღნიშნა, უახლოეს მომავალში დედაქალაქის მერია კულტურის მდგრადი განვითარების შესანარჩუნებლად, კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს.

„ამ პირობებში დაზარალდა ყველა სფერო, მათ შორის, სახელოვნებო მიმართულება. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ქალაქის მასშტაბით, კულტურის მდგრად განვითარებას შევინარჩუნებთ. უახლოეს პერიოდში ამ გეგმას აუცილებლად წარმოვადგენთ. ჩვენ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, კულტურის ობიექტებში დასაქმებული ხანდაზმული და რისკჯგუფში შემავალი 100 თანამშრომლისთვის ერთი თვის მარაგის პროდუქტების გაცემა დავიწყეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ამ კამპანიაში ჩვენთან ერთად იყვნენ ჩართული და პროდუქტების დარიგებაში გვეხმარებოდნენ“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ სახელოვნებო და სპორტული ობიექტების პედაგოგების და მწვრთნელების, აუტისტური სპექტრის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრების თანამშრომლების საჰონორარო სუბსიდირება მოახდინა.

„დედაქალაქის მერიამ, სახელოვნებო და სპორტული ობიექტების პედაგოგებისა და მწვრთნელების საჰონორარო სუბსიდირება დაიწყო. 867 754 ლარი გაიცა 1 768 თანამშრომელზე. ასევე, სუბსიდირება გავაკეთეთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა და მოზარდა სარეაბილიტაციო ცენტრების თანაშრომლებისთვის და მათზე 377 760 ლარი გაიცა. აღნიშნული დაფინანსება ორივე მიმართულებით, ბავშვზე ორიენტირებული იყო, ანუ პედაგოგი ატარებდა გაკვეთილს ან თერაპევტი ატარებდა სეანსს და ამის შემდეგ იღებდა ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში, ეს თანხა ავანსის სახით გავეცით და პირობა მივიღეთ, რომ წლის ბოლომდე გაცდენილი გაკვეთილები თუ სეანსები აუცილებლად იქნება შესრულებული. ასევე, 300 სოციალურად დაუცველი და მძიმე დიაგნოზის მქონე შშმ პირისთვის შეიქმნა სპეციალური პაკეტები, რომლებიც მერიასთან არსებულმა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ მოგვაწოდა და მადლობა მათ ამისთვის. ამასთანავე, თბილისში არსებული სამი სოციალური საცხოვრისის ოჯახებისთვის ერთ თვეზე გათვლილი არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა დავიწყეთ. სულ 134 ოჯახისთვის შეიქმნა სპეციალური პაკეტი და მინდა, ამისთვის ბიზნესსექტორს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მერის მოადგილემ აქვე მადლობა გადაუხადა კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც პროექტში – „უსმინე თბილისს“ მონაწილეობა მიიღეს.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, დედაქალაქის მერია სოციალური პაკეტებით სხვა მოწყვლად ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებსა და კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ მოქალაქეებს ეხმარება. მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გრძელდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზებისა და სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ, პედაგოგ-მასწავლებლებმა ყველა გაცდენილი საათი უნდა აანაზღაურონ; გრძელდება სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება; გაიცა მერიის ბალანსზე არსებული კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის – მწვრთნელებისა და პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება (მათ შორის, ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგებზე);

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისა და მრავალვილიანი ოჯახების დახმარებასთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცათ ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები; ნობათები გადაეცათ ასევე, თბილისის მერიის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულებსა და რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, არ შეწყვეტილა უფასო სასადილოების მუშაობა, თუმცა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, დროებით შეიცვალა მომსახურების წესი. კერძოდ, აღნიშნული სერვისით მოსარგებლე მოქალაქეებს საკვები ადგილზე მირთმევის ნაცვლად, სახლში მიაქვთ; მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი. მსოფლიო პანდემიის გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესის პირობებში, ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს ორ კვირაში ერთხელ, 10-12 სახეობის პროდუქტისგან დაფასოებული ნობათი ურიგდებათ. საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი 19 მარტს დაიწყო და უკვე მეორე ეტაპი დასრულდა. თითოეული ეტაპის ღირებულება 1 800 000 ლარია.

დედაქალაქის მერიის მიერ აღნიშნული ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – გეგმა შედგება არა მხოლოდ სოციალური პაკეტისგან, არამედ, იმ ღონისძებებისგან, რომელიც მიმართულია საქართველოში სამეწარმეო სექტორის და ბიზნესის მხარდაჭერაზე, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ბიზნესმა სამუშაო ადგილები და უფრო ნაკლებმა მოქალაქემ დაკარგოს შემოსავლის წყარო
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი – ჩვენ წარვადგინეთ ეკონომიკური საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმა, რომლის სწორად, თანმიმდევრულად შესრულება არის თითოეული ჩვენგანის , ჩვენი თანამოქალაქეების, ბიზნესის პასუხისმგებლობა