6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

სოფიო ხორგუანი: დაზოგვის კულტურის შემოღებაზე ლაპარაკი ცინიზმი და უტიფრობაა

დაზოგვის კულტურის შემოღებაზე ლაპარაკი ცინიზმი და უტიფრობაა, მოქალაქეები საკვებზე ზოგავენ ფულს, რომ გათბობა ხანდახან ჩართონ – მილიონერმა დეპუტატმა უნდა ასწავლოს გაჭირვებულ ადამიანს, როგორ იყოს უფრო ხელმომჭირნე?, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართული ოცნების” მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ახალი ცვლილებების დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხორგუანმა შოთა ბერეკაშვილის განცხადებას, რომ თითქოს საერთაშორისო აზარტული ტურნირი არატურისტულ სეზონზე ტურისტების მოზიდვას ემსახურება და ასეთი ტურნირები ევროპის ქვეყნებშიც ტარდება, ცინიზმი და უტიფრობა უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ტურისტებისთვის მოსაზიდად ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, თუმცა ინფრასტრუქტურა გაუმართავია, ამიტომ, მისი თქმით, პირველ რიგში, ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას.

„დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტები ადასტურებს, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს ხელისუფლება, რომლის ინტერესიც საერთოდ არ არის ხალხისა და სახელმწიფოს მსახურება, არც ხედვა გააჩნია, თუ როგორი უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო და ამ სამართლებრივი, ქრისტიანული, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოსკენ როგორ უნდა წავიდეთ. ერთადერთი, რაც მათ აინტერესებს, ეს არის სულ უფრო მეტი ძალაუფლების კონცენტრირება, სულ უფრო მეტი შემოსავალი და პირადი კეთილდღეობის გაზრდა.

პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს იყო კონკრეტული ბიზნეს-ჯგუფების ლობირება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმიტომ, რომ საერთოდ არაფერი აინტერესებთ, მთავარია, თავიანთი ინტერესი დაიკმაყოფილონ. ამას მოჰყვება ის, რომ სულ უფრო მეტი ოჯახი გაუბედურდება ამ სათამაშო ბიზნესით და კიდევ უფრო მეტი ოჯახი გახდება იძულებული, წავიდეს ემიგრაციაში. განსაკუთრებით, ახალგაზრდებში ხდება კატასტროფა, ძალიან პატარა ასაკიდან იწყება თამაშზე დამოკიდებულება და ოჯახებში ისეთი უბედურება ტრიალებს, თან ვერ ბედავენ ამაზე საუბარს, რცხვენიათ ან ეშინიათ. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი.

ეს განცხადება [შოთა ბერეკაშვილის განმარტება, რომ თითქოს საერთაშორისო აზარტული ტურნირი არატურისტულ სეზონზე ტურისტების მოზიდვას ემსახურება და ასეთი ტურნირები ევროპის ქვეყნებშიც ტარდება] არის ცინიზმი და უტიფრობა. როდესაც ჩვენ ველაპარაკებით, რომ გვინდა დემოკრატიული ღირებულებები და სამართლიანი სახელმწიფო, გვინდა ისეთი დაცული მოქალაქე, როგორც ეს ევროპაშია, მაშინ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ევროპის აგენტები და როდესაც მათი ჯიბისთვის საჭირო გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები, მაშინ ევროპის მაგალითები მოჰყავთ”, – განაცხადა ხორგუანმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მანიპულაციას მიმართავს, რათა ტარიფების ზრდამ საზოგადოებაში პროტესტი არ გამოიწვიოს.

„ ამ ხელისუფლებას მოქალაქეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ დღეს ერთს გეტყვის, ხვალ მეორეს. როგორი ზეიმით გვამცნეს, რომ განსაკუთრებული ხელშეკრულება გააფორმეს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რა საჭირო გახდა გაზის ტარიფი გაზარდონ? ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილი აქვთ უკვე. მიხვდნენ, რომ ტარიფის გაზრდა დიდ პროტესტს გამოიწვევდა, ამიტომ ასეთი მანიპულაციას გვთავაზობენ, რომ ვინც მდიდარია, ის გადაიხდის უფრო მეტს და ვინც ნაკლებს მოიხმარს, ისინი ნაკლებს გადაიხდიან.

დაზოგვის კულტურის შემოღებაზე რომ ლაპარაკობენ, ეს არის ცინიზმი და უტიფრობა, ადამიანები ისედაც ზოგავენ ყველაფერს. მოქალაქეებს უთქვამთ, რომ საკვებზე ზოგავენ ფულს იმისთვის, რომ გათბობა ხანდახან მაინც ჩართონ სახლში, წინ კიდევ მთელი ზამთარია. მილიონერმა დეპუტატმა უნდა ასწავლოს გაჭირვებულ ადამიანს, როგორ დაზოგოს და როგორ იყოს უფრო ყაირათიანი და ხელმომჭირნე? ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ისედაც იძულებით ხელმომჭირნეობაში ცხოვრობს”, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

banner
წინა სტატიაშიბოსნია და ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამხედრო მისიის ვერტმფრენი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიასოფელ კაჭრეთში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს