სოფიკო ჭიაურელს 84 წელი შეუსრულდებოდა

სოფიკო ჭიაურელმა თეატრსა და კინოში არაერთი საინტერესო და სახასიათო როლი შექმნა. იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრის მსახიობი. მონაწილეობდა ასზე მეტ კინოფილმში, შესრულებული აქვს ისეთი ცნობილი როლები, როგორიცაა: ვარდო – „ვერის უბნის მელოდიები”, ფუფალა – „ნატვრის ხე“, სოფიკო – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, ლალი – „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, ნანო – „დათა თუთაშხია“ და სხვა. მსახიობმა სერგო ფარაჯანოვის ფილმში „ბროწეულის ფერი” ერთდროულად ექვსი გმირი განასახიერა.

საქართველოსა და სომხეთის სახალხო არტისტს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო, მათ შორის: საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და ვერიკო ანჯაფარიძის, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და ნოდარ ჩხეიძის სახელობის პრემიები. ქართველი მსახიობი ასევე ღირსების ორდენის კავალერი გახლდათ.

სოფიკო ჭიაურელი ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც საერთაშორისო კონკურსებზე შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის”. 2007 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო 2013 წელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნების სასახლეში – კულტურის ისტორიის მუზეუმში სოფიკო ჭიაურელის ჰორელიეფი გაიხსნა.

ქართველი მსახიობი 2008 წელს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო
შემდეგი სტატიასლოვენიაში ნატოს სწავლებისას ვეტმფრენი ელექტროხაზებს გამოედო და აფეთქდა