სოფიაში 7 წლის ალექსანდრე ქათამაძე ბულგარელ ძმაკაცებთან ქომაგობდა საქართველოს და საჩუქარიც დაიმსახურა

ა. ქათამაძე და მისი ბულგარელი თანაკლასელები 8 სექტემბრის მატჩზე

ფეხბურთის თაყვანისმცემლებისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების სექტემბერში ჩატარებული წარუმატებელი მატჩები – 2 სექტემბერს ბათუმში ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 0:1 წააგო მსოფლიო ჩემპიონატის ( 2022 ) საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა კოსოვოსთან, 5 სექტემბერს ბადახოსში წააგო იგივე ტურნირის მატჩი ესპანეთთან ( 0:4), ხოლო 8 სექტემბერს სოფიაში სპარინგ-მატჩში ბულგარეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:4.

წაგება ესპანეთის ძლიერ გუნდთან მოსალოდნელი იყო,მაგრამ სახლში დამარცხებას და სუსტ თამაშს კოსოვოსთან მარტო ცუდ სიზმარში წარმოვიდგენდით. რაც შეეხება მატჩს სოფიაში, მიუხედავად ზემოაღნიშნულ ორ შეხვედრაში წაგებისა, ჩვენი ნაკრების ქომაგები არ ელოდნენ ბულგარეთთან ასე დიდი ანგარიშით დამარცხებას, ასეთ არეულ და დაბნეულ თამაშს. ამ მატჩებმა, მათ შორის სოფიაში დიდი ანგარიშით დამარცხებამ, ძალიან ცუდ ხასიათზე დააყენა მილიონობით ადამიანი-საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, მათ გული ატკინა. იმედია, მოვა დრო, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები გაახარებს თავის მრავალრიცხოვან ქომაგებს და დაგვავიწყებს ამ წაგებების სერიას.
ამის იმედი აქვთ სოფიაში მცხოვრებ ქართველებს, დიდებს და პატარებს, რომლებიც ესწრებოდნენ ჩვენი ნაკრების შეხვედრას ბულგარეთის ნაკრებთან, მატჩამდე და შეხვედრის დროს ამხნევებდნენ ჩვენ ფეხბურთელებს. გამორჩეულად გულშემატკივრობდნენ სოფიაში მცხოვრები 7 წლის ალექსანდრე ქათამაძე და მისი ბულგარელი თანაკლასელები. ალექსანდრემ თავისი თანაკლასელები-ძმაკაცები ამ მატჩზე მიიწვია, სამივე ერთად ქომაგობდნენ ჩვენ ნაკრებს, გასაგებია, რომ ბულგარელმა ბიჭებმა ალექსანდრეს ხათრით უქომაგეს საქართველოს ნაკრებს. გთავაზობთ ვიდეოს და ფოტოს.

მაისური, რომელიც აჩუქეს 7 წლის ალექსანდრე ქათამაძეს

მატჩის შემდეგ 7 წლის ალექსანდრე ქათამაძეს ნაკრების წევრების ავტოგრაფებით ნაკრების ერთერთი ფეხბურთელის მაისური აჩუქეს. ამ საჩუქარმა ისე გაახარა პატარა ალექსანდრე, რომ სულ დაავიწყა წაგებით განცდილი დისკომფორტი. მჯერა, ჩვენი ნაკრები არ მიგვაჩვევს ასეთ წაგებებს, ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოიტანენ დასკვნებს, ცოტა უკეთეს შედეგს და თამაშს გვაჩვენებენ და გაგვახარებენ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთში და ჩრდ. მაკედონიაში (რეზიდენცია სოფიაში) თამარ ლილუაშვილმა შემატყობინა, რომ სოფიაში ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩვენი საელჩოსა და ქართული დიასპორის დაახლოებით 15 წარმომადგენელი. « საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ბულგარეთში მცირერიცხოვანი ქართული დიასპორის აქტიური წევრები ყოველთვის ვცდილობთ დავესწროთ სპორტის სხვადასხვა სახეობებში საქართველოს ნაკრებების ან ჩვენი კლუბების მატჩებს ბულგარეთში, როცა გვაქვს ამის დრო და საშუალება, ორგანიზებულად ვქომაგობთ ჩვენ სპორტსმენებს. ბულგარეთთან მატჩამდე ( 18:00 ) სტადიონზე ორგანიზებულად შევიკრიბებთ დაახლოებით 15 ქართველი საქართველოს დროშებით და ატრიბუტიკით, მათ შორის იყვნენ საელჩოს თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მატჩამდე და თამაშის დროს როგორც შეგვეძლო ისე აქტურად ვქომაგობდით ჩვენ ნაკრებს»-განაცხადა ჩემთან საუბარში თამარ ლილუაშვილმა( დედამისი სოხუმელია). სხვათა შორის, ამ სტატიაში გამოყენებული ფოტოები და ვიდეო მოგვაწოდა ქალბატონმა თამარმა, რომელმაც ბულგარეთთან შეხვედრის დროს შეითავსა ფოტოკორესპონდენტის ფუნქცია.

ბულგარეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ქართული დიასპორის წევრები სტადიონზე

საჭიროა აღვნიშნო, რომ 2019 ივლისში, როცა ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში (U-15 ) და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა იქ მეექვსე ადგილი დაიკავა ( ჩვენი წყალბურთელთა ნაკრებებების საუკეთესო შედეგები ევროპის ჩემპიონატების ისტირიაში), ქ-ნი თამარ ლილუაშვილი, ჩვენი საელჩოს მეორე მდივანი ვაჟა გვარამია და ქართული დიასპორის რამდენიმე წევრები სპეციალურად ჩამოვიდნენ სოფიიდან ბურგასში ( კვირა დღე იყო) და ძალიან მაგრად უქომაგეს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს რუსეთთან მატჩში(9:9). იმ შეხვედრას მეც ვესწრებოდი, წინასწარ ჩავედი ბურგასში ვარნიდან- ვარნაში 1993 წლის ბოლოდან მცხოვრებ სოხუმელთან დავით კვარაცხელიასთან ( ბულგარეთის, ბალკანეთის ქვეყნებისა და ევროპის ჩემპიონი ავტორალიში) და სოფიიდან ჩამოსულ ჩვენ დიპლომატებთან და დიასპორის წევრებთან ერთად ვამხნევებდით ჩვენ წყალბურთელებს, რომლებმაც გაგვახარეს ამ ჩემპიონატში: საქართველოს ნაკრებმა დაიკავა მეექვსე ადგილი,უკან მოიტოვაესპანეთი, ხორვატია და რუსეთი( მეშვიდე, მერვე და მეცხრე ადგილები). იმ დროს ევროპულმა პრესამაც აღნიშნა ჩვენი ნაკრების ასეთი დიდი წარმატება.
იმედია, რომ მოვა დრო, როცა ჩვენი ფეხბურთელები, საქართველოს ეროვნული ნაკრები მომავალში მინიმუმ უკეთეს შედეგებს და უფრო ლამაზ თამაშს აჩვენებს ვიდრე ამ წლის სექტემბერში, მაქსიმუმ კი შეძლებენ გასვლას ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე და გაახარებენ საქართველოს და ჩვენ თანამემამულეებს უცხოეთში.

 

მასალა მოამზადა თენგიზ პაჭკორიამ

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაში“ოცნებას” სენაკის სამაჟორიტარო სიები შეეშალა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად მანუჩარ ჩაჩანიძე წარადგინა.