მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები აქტიურად ვითარდება — საფრთხის ქვეშაა სოფლის სასაფლაო და ისტორიული ეკლესია.
ადგილობრივების ინფორმაციით, მიწის მასის ჩამოშლის საფრთხე ემუქრება როგორც სასაფლაოს ტერიტორიას, ისე ივლიტასა და კვირიკეს სახელობის ძველ ტაძარს, რაც მოსახლეობის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
სოფელ წინაკვერკვეს მკვიდრის, გიორგი ზარქუას განცხადებით, მეწყრული პროცესების პირველი ნიშნები გაზაფხულზე გამოჩნდა, თუმცა ბოლო პერიოდში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
როგორც გამოცემა „თაიმერს“ მარტვილის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მუნიციპალიტეტი პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობს.
„ნახუნავოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წინაკვერკვეს სასაფლაოზე განვითარებული მეწყრული პროცესების შესასწავლად და შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად მოწვეული იყვნენ გეოლოგები. მათი დასკვნის საფუძველზე დაიწყება აუცილებელი სამუშაოების განხორციელება,“ — აცხადებენ მარტვილის მერიაში.


















