სოფელ ტყაიაში, ენგურ-ჰესიდან წყლის გაშვების ფონზე, მდინარის დონემ მოიმატა, რის შედეგადაც რამდენიმე სახლი დაიტბორა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მაშველები ვითარებას აკონტროლებენ და მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.
ადგილობრივი ადმინისტრაცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იმ სახლებში, სადაც წყალი შევიდა ან მისი დონე იმატებს, მოქალაქეებს ურჩევენ, უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ გამორთონ ელექტროენერგია და, საჭიროების შემთხვევაში, გადავიდნენ უსაფრთხო ადგილზე ან შენობის ზედა სართულზე.
დახმარების საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობამ დაუყოვნებლივ უნდა დარეკოს საგანგებო ნომერზე — 112.








