ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, პოლკოვნიკ დავით ელიზბარაშვილის საფლავიდან სანათები მოიპარეს.
ინფორმაციას გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს – ინფორმაციას ადასტურებენ დაღუპული პოლკოვნიკის ოჯახის წევრებიც.
“თუ ასეთი საჭიროება ჰქონდა ვიღაცას, ეთხოვა ჩემთვის და ფულს მივცემდი, ეს როგორ იკადრა“,- ამბობს დავით ელიზბარაშვილის ძმა, ზურა ელიზბარაშვილი.
პოლკოვნიკი 37 წლის ასაკში, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ ფხვენისთან, რუსული სამხედრო ვერტმფრენის შეტევის შედეგად დაიღუპა. დავით ელიზბარაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.














