სოფელ ნამოხვანთან, მდინარეში მაშველები ძებნას აგრძელებენ, სამუშაოებში ჩართეს ნავებიც

სოფელ ნამოხვანთან, მდინარეში მაშველები ძებნას აგრძელებენ, სამუშაოებში ჩართეს ნავებიც. ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

თამაზაშვილის თქმით, დაწყებულია გამოძიება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. დაიწყო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უპირველესია, ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სხვა დამატებით კითხვაზე გამოძიება გასცემს პასუხს“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იყო თუ არა გაუჩინარებული მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში და გამოიკითხა თუ არა მისი თანმხლები პირი, თამაზაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა კითხვას გამოძიება მოკლე დროში გასცემს პასუხს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

„მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი, დინებამ წაიღო“, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგანზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიასოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში საძიებო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთო