სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ლაშა დვალიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გასაგებია, თუ რატომ არ ენდობა ირმა ინაშვილი ქართველ ჯარისკაცებს

xidasheliiსაქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ხიდაშელი განმარტავს, კორცხელში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, არ ტოვებს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ სამხედრო მოსამსახურის ქცევა ჯარისკაცის დისციპლინის და ღირსეული საქციელის შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრებულ წესებთან თავსებადი იყო.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი დათხოვნილია საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. ორიოდე თვის წინ მისმა გამარჯვებამ და MMA წესებით ორთაბრძოლასა და გრამპლინგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ ყველა აღგვაფრთოვანა. თავდაცვის სამინისტრომ წარმატებული სამხედრო მოსამსახურის საზოგადოებისთვის უკეთ გასაცნობად სპეციალური რეპორტაჟიც კი მოამზადა.

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი ინციდენტი, ძალადობის ფაქტი, რომელიც ქვეყანაში ხდება. ორმაგად სამწუხაროა, თუკი ამ ინციდენტში სამხედრო მოსამსახურე ფიგურირებს.

თავდაცვის სამინისტრო არ არის უწყება, რომელიც მსგავს შემთხვევებში პირის ბრალეულობის საკითხს დაადგენს, შესაბამისი გადაწყვეტილებები ჯერ საგამოძიებო ორგანოების, შემდეგ კი სასამართლოს კომპეტენციაა. თუმცა, შეიარაღებულ ძალებს თავისი წესები, დისციპლინა და ნორმატიული ფუნდამენტი აქვს, რომელიც, პირველ რიგში, სამხედრო სამსახურში მტკიცე დისციპლინასა და განსაკუთრებით მაღალ სტანდარტებს ეფუძნება.

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მოსამსახურის ქცევა თავსებადი იყო ჯარისკაცის დისციპლინის და ღირსეული საქციელის შეიარაღებულ ძალებში დამკვიდრებულ წესებთან. შესაბამისად, პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით დათხოვნილია შეიარაღებული ძალებიდან.

ამასთანავე, სრული კატეგორიულობით ვაცხადებ: არ დავუშვებთ შეიარაღებული ძალებისთვის ჩრდილის მიყენებას და ღირსების შელახვას!

ქართული ჯარი ქართული სახელმწიფოს ყველაზე უფრო ნათელი და საიმედო ბურჯია! ქართულ ჯარში მსახურობენ წესიერი, სხვისი თავისუფლების პატივისმცემელი პროფესიონალები. ძალადობა და სხვისი ღირსების ხელყოფა შეიარაღებულ ძალებთან სრულიად შეუთავსებელია და ნებისმიერი პირი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს, შეიარაღებულ ძალებს მიღმა აღმოჩნდება უღირსი საქციელის ჩადენისთანავე.

ყველა ჩვენგანის და ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ვალია, უპირველეს ყოვლისა, გავუფრთხილდე შეიარაღებული ძალების სახელს და რეპუტაციას!“, – ნათქვამია თინათინ ხიდაშელის განცხადებაში.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 22 მაისს, სოფელ კორცხელში დაპირისპირება მოხდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ექვს პირს ბრალი გუშინ წაუყენა.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ხუთ პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარედგინა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია
შემდეგი სტატიაერდოღანი გერმანიას დაემუქრა