სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებული პირების ახლობლები მარნეულის პოლიციასთან იმყოფებიან

სამართალდამცველების მიერ სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებული პირების ახლობლები ამ წუთებში მარნეულის პოლიციასთან იმყოფებიან.

ადგილზე მივიდა მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი და პარტიის მხარდამჭერები.

პოლიციასთან შეკრებილების განცხადებით, არ იციან, სად არიან დაკავებულები და საერთოდ, რა მიზეზით მოხდა მათი აყვანა.

დაკავებულების ოჯახის წევრები უარყოფენ ფაქტს, რომ ახალგაზრდები ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან შემდეგი პირები: 1997 წელს დაბადებული რ.ზ, 1994 წელს დაბადებული მ.ნ, 1996 წელს დაბადებული ბ.მ, 1996 წელს დაბადებული ჰ.კ, 1992 წელს დაბადებული ვ.კ და 1993 წელს დაბადებული ა.ნ.

 

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი : პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს ვისმენ
შემდეგი სტატიალევან სამუშია : “ერთი პარტიისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მინიჭება ქვეყნისთვის არ იქნება კარგი”