სოფელ ყარაჯალარში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის, ასევე პოლიციელზე თავდასხმისა და დაუმორჩილებლობის მუხლებით დაიწყო

სოფელ ყარაჯალარში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის, ასევე პოლიციელზე თავდასხმისა და დაუმორჩილებლობის მუხლებით დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ყარაჯალაში, პატრულირების დროს გზაზე შეკრებილ 15-მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ, მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

მათივე ცნობით, სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიგე ჯგუფები.

„სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება. ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.

„დაპირისპირებაში მონაწილე როგორც მხარეების, ასევე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება“, – აღნიშნავენ შსს-ში.

თელავის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ყარაჯალარში მოქალქეებს შორის ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმისა და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით. საქმეს იძიებს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი.

banner
წინა სტატიაში“ეუთო ოდირი არასდროს დასვამს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს, ის ამცნობს საზოგადოებას დარღვევების შესახებ და შემდეგ საზოგადოება დასვამს საბოლოო ბეჭედს” – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას