სოფელ გუმათში სოლიდარობის აქცია გაიმართება

დღეს, 12 აპრილს სოფელ გუმათში სადაც რიონის ხეობის მცველები და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი სოლიდარობის აქცია გაიმართება. თავდაპირველად აქცია თბილისში, კანცელარიის წინ დაანონსდა, თუმცა ხეობაში გვიან ღამით განვითარებული მოვლენების გამო აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გუმათში გადაინაცვლონ.

“რიონის ხეობის მცველებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, ბრძოლის მთავარ ცენტრად უახლოეს დღეებში გუმათი გამოაცხადონ და მკაფიოდ მოგვიწოდეს, რომ ჩვენი სოლიდარობა ახლა მათ სწორედ გუმათში სჭირდებათ. გარდა ამისა, მათ თავად დააანონსეს თბილისში აქცია უახლოეს მომავალში. ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ მათი სიფრთხილისა და აუჩქარებლობის სტრატეგია, მათი მოწოდებები და თავი შევიკავოთ თვითორგანიზებული ქმედებებისგან.

სწორედ ერთმანეთის გათვალისწინების ამ პრაქტიკამ და ამ სულისკვეთებამ მოიტანა პროცესი აქამდე და მთელი საქართველო გააერთიანა. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, ერთად ჩავიდეთ ხვალ გუმათში, სადაც რიონის ხეობის მონაწილეები ახლა ღამეს ათევენ”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მათი თქმით, აქცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გუმათში დაძაბული სიტუაცია იყო. სამართალდამცველებმა სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალეს. ნამოხვანში მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებსაც, პოლიცია მათ სოფელში არ უშვებდა. ხეობაში მობილიზებულია დიდი ოდენობით სამართალდამცველები, ასევე შეყვანილია სპეცდანიშნულების რაზმი.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო – რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა შემოვიდეს პარლამენტში
შემდეგი სტატიამეუფე სპირიდონი “რიონის ხეობის მცველებს” – იმ თურქებზე უარესი ხარ, როცა ასეთ რამეს ამბობ (ვიდეო)