სოფელ გაჩიანის მოსახლეობამ პოლიციის მიერ დაკავებული ორი თანასოფლელის გათავისუფლების მოთხოვნით, ცენტრალური გზა გადაკეტა

სოფელ გაჩიანის მოსახლეობამ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთავი – გაჩიანის ცენტრალური გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები წუხელ აზერბაიჯანელების სასაფლაოზე მომხდარ ფაქტს აპროტესტებდნენ და პოლიციის მიერ წუხელვე დაკავებული ორი თანასოფლელის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

მათი მტკიცებით, ინციდენტში მონაწილე პირი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა გაჩიანში მცხოვრებ ახალგაზრდებს, დაკავებული არ არის და წუხელ პოლიციამ სრულიად უდანაშაულო ორი ახალგაზრდა დააკავა, რომლებიც დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ.

ამ დროისთვის რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

წუხელ გვიან ღამით, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი ახალგაზრდა დაჭრეს. ერთ-ერთი მუცლის არეში, ორი კი ფეხის არეში. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ნარკორეალიზატორებსა და სოფლის მოსახლეობას შორის მოხდა, რომელთაც ნარკოტიკების გაყიდვის შეწყვეტა მოითხოვეს.

შსს-მ სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული ზ.ტ., პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე კი 1991 წელს დაბადებული ე.კ და 1995 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. ზ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით სასჯელი ემუქრებათ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთდაპირისპირებისას, ზ.ტ.-მ ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან 3 პირი დაჭრა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა ზ.ტ. განაიარაღეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც, შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა 1 პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, 2 მოქალაქე კი ჯგუფის მიერ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქობულია – დიასახლისები აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ
შემდეგი სტატიავისაც არ უნდა გაგება, ვერ გაიგებს, ხოლო ვისაც უნდა, ნებისმიერ დროს შემიძლია გეგმა ავუხსნა