სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები ზუგდიდის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან

სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები პაპუნა კუკავა და კახა ქირია ზუგდიდის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს.

როგორც სამმართველოში შესვლამდე პაპუნა კუკავამ განაცხადა, მისთვის უცნობია, რატომ გახდა საჭირო დაკითხვაზე ხელმეორედ დაბარება.

„მე ვიყავი დაკითხვაზე, მივეცი ჩვენება, როგორც იყო. დღეს ისევ დაბარებული ვარ და ჩემს ადვოკატთან ერთად გამოვცხადდი. საღამოს, როცა სახლში გადავაადგილდებოდი, ჩემი პირადი მანქანით, ჩემი ქუჩის გადასახვევთან დამხვდნენ ახალგაზრდა პირები. დავინახე, რომ სადღაც 8-10 ახალგაზრდა იდგა ჩემს სავალ ნაწილზე. მიმართვაზე, რომ გაეთავისუფლებინათ გზა, არც მე დავეღუპეთ და არც თვითონ მოსვლოდათ რამე, აგრესიულად მითხრეს, რომ ჩვენ კარგად ვიცით მოძრაობის წესები და მომივარდნენ მანქანაში. მანქანას წიხლები ურტყეს. მანქანაში შემოღწევას და გალახვას ცდილობდნენ. ხელიც დამარტყეს. გავექეცი ამათ. წავედი ჩემი სახლისკენ, რომელიც სადღაც ას მეტრში იყო. გინებით, ქვების სროლით გამომეკიდნენ. გზაში მელოდებოდა ჩემი ფეხმძიმე მეუღლე პატარა ბავშვთან ერთად. მე ვეცადე დამეცვა ჩემი ოჯახი. მომივარდნენ, რაც გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ეს გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთი. მერე წავედი სახლისკენ. შეიკრიბა სადღაც ასი კაცი, მეზობლები, უცნობი მანქანები. ქვებს გვიშენდნენ, რომელიც სამწუხაროდ ბევრი მომხვდა. ვიცავდი ჩემს მეუღლეს და პატარა ბავშვს. დაზიანებულია ჩემი მანქანა, დაზიანებულია ჩემი ნათესავის მანქანაც. ორივე არის დამტვრეული. მე ვიყავი ექსპერტიზაზე. დაბეჟილობები მაქვს ტანზე“, – განაცხადა პაპუნა კუკავამ.

ზუგდიდის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სოფელ დიდინეძის მცხოვრებლები.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ “რუსთავი 2”-ს, ბოდიში მოუხადონ მაყურებელს სიცრუის ტირაჟირებისთვის
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “მე არ ვიცოდი რომ მიმდინარეობდა ფარული სატელეფონო ჩაწერა”