სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა

ოკუპირებული ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. დაკავების შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე გამოუშვეს.

დანარჩენი სამი დაკავებული კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია.

ლამისყანაში მცხოვრებ გიორგი ზარიძეს, სოფელ ბოჟამში მცხოვრებ მერაბ და ემზარ გამხიტაშვილებს დე ფაქტო რეჟიმი ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება. ისინი ცხინვალის ე.წ. დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი მკვიდრის უკანონო დაკავებისთანავე სუს-მა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM).

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. „ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აღნიშნავენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდისა და წალენჯიხის სოფლების დამაკავშირებელი 10 კილომერიანი გზა შენდება
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება