ერევნის ანტიკორუფციულმა სასამართლომ მილიარდერს, პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერსა და კომპანია „სომხეთის ელექტროქსელების“ მფლობელს, სამველ კარაპეტიანს, ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს.
კარაპეტიანი 4 ნოემბერს, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გამოძიება ეხება 2016-2024 წლებში კერძო სექტორში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მინდობილი ქონების მითვისებასა და ფულის გათეთრებას.
გამოძიების ვერსიით, კარაპეტიანის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის უკანონო ქმედებების შედეგად კომპანია „სომხეთის ელექტროქსელებს“ 64,5 მილიარდი დრამის, დაახლოებით 179,37 მილიონი აშშ დოლარის ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა ჩხრეკა ერთდროულად 65 მისამართზე ჩაატარეს, მათ შორის პარტია „ძლიერი სომხეთის“ ფრაქციის ლიდერისა და სამველ კარაპეტიანის ძმისშვილის, ნარეკ კარაპეტიანის სახლში. დაკავებულია ასევე კომპანია „სომხეთის ელექტროქსელების“ დირექტორთა საბჭოს წევრი ვარდან მაკარიანი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობა ცხრა პირის მიმართ შევიდა.
სამველ კარაპეტიანი რუსეთში ბიზნესჯგუფ „ტაშირსა“ და სავაჭრო-გასართობი ცენტრების ქსელ „რიოს“ ფლობს. კომპანია „სომხეთის ელექტროქსელების“ აქციების დაახლოებით 70 პროცენტი „ტაშირ კაპიტალს“ ეკუთვნის, დარჩენილი 30 პროცენტი კი კვიპროსულ Liormand Holding Limited-ს, რომელიც ასევე კარაპეტიანთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ სამველ კარაპეტიანს სომხეთში მანამდე ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებებსა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან დაკავშირებულ ბრალდებებსაც უყენებდნენ.

















