აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოთი ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებით საკითხი მოგვარებულია.
პარასკევს, 26 დეკემბერს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდაპირველად საქართველოს მიერ დასახელებული ტარიფი „მართლაც ძალიან მაღალი“ იყო.
„ამან აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ეს [ტარიფი] არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას“, – თქვა მან და განაგრძო:
„მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შედგა შეთანხმება ბაზრის პირობებთან სრულად შესაბამის ტარიფზე“.
აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიის ცნობით, ბაირამოვმა თქვა, რომ შეთანხმება შედგა საქართველოს რკინიგზასთან.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას. ეს აჩვენებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები მეგობრულია. ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

















