„ახლა ჩვენ წინასაარჩევნო აგიტაციას ვატარებთ და ყველა განცხადებისა თუ დეტალის თვალყურის დევნას ვერ ვასწრებთ, თუმცა თქვენ მიერ ნახსენებ ეპიზოდთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვამბობდით: როდესაც დადგება მომენტი, რომ სომხეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის ჩვენ მას, ბუნებრივია, გავაკეთებთ“ ,-ასე უპასუხა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა Новости Армении – NEWS am-ის კითხვას, პუტინის განცხადებებთან დაკავშირებით.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა რომ: “სომხეთის გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. სომხეთმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დარჩეს ევრაზიულ კავშირში თუ „ცივილიზებულად მოითხოვოს განქორწინება“ და ევროკავშირისკენ წავიდეს”
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საიდუმლო არ არის, რომ სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები.
„აქ ახალი არაფერია. მოცემულ მომენტში ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ვართ და ვაგრძელებთ კავშირში ჩვენს საქმიანობას. ასევე საიდუმლო არ არის, რომ სომეხ ხალხს აქვს ევროპული მისწრაფებები. როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო მოვა, ჩვენ მას მივიღებთ“,- აღნიშნა მან















