სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საჭიროა ყველა ზომის განხორციელება იმისათვის, რომ მთიან ყარაბარში სისხლი აღარ დაიღვაროს. ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება მარტივი არ იქნება.

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სისხლი აღარ დაიღვაროს და მსხვერპლი აღარ იყოს. საჭიროა, რომ ძალისხმევა მიმართული იყოს ცეცხლის შეწყვეტის მისაღები და გრძელვადიანი რეჟიმის მისაღწევად. სანამ საბრძოლო მოქმედებებები გრძელდება, პოლიტიკური პროცესი ვერ განვითარდება. ეს კონფლიქტია, რომლის დარეგულირება მრავალი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, თუმცა ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ საჭიროა დარეგულირების გზის პოვნა. გერმანიას სურს, კონფლიქტის დარეგულირებაში კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს, თუმცა ვშოშობ, რომ 23-წლიანი პროცესი ერთი ვიზიტით ან ძალისხმევით ვერ გადაწყდება”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი. სერჟ სარგსიანის თქმით, მთიანი ყარაბაღი ელის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მის უფლებებს აღიარებს.

“მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას ომი არ სურს. მათ სურთ ბევრად მარტივი რამ, ის, რისთვისაც ყველა დაპყრობილი ერი იბრძვის: მათ თვითგამორკვევისა და საკუთარი მომავლის თავისუფლად არჩევის უფლება სურთ. სურთ, რომ მათ შვილებს მშვიდობიანი და ბედნიერი ახალგაზრდობა ჰქონდეთ”, – აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: როგორც არ უნდა უნდოდეს მავანს, მე და ომბუდსმენი ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით
შემდეგი სტატიასარგსიანმა აზერბაიჯანის სამხედრო უპირატესობა აღიარა