სომხეთის ეროვნულმა კრებამ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი სომხეთის მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ზღუდავს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
ახალი რეგულაციის თანახმად, ხმის მიცემის უფლებით მხოლოდ ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებიც არჩევნებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთის ტერიტორიაზე უწყვეტად ერთ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. ეს ორწლიანი პერიოდი ჩვეულებრივი არჩევნების შემთხვევაში კენჭისყრამდე 48 დღით ადრე აითვლება, ხოლო რიგგარეშე არჩევნებისას — 28 დღით ადრე.
კანონი გამონაკლისს მხოლოდ იმ პირებისთვის უშვებს, რომლებიც საზღვარგარეთ ოფიციალური მივლინებით ან სასწავლო მიზნით იმყოფებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, მმართველი პარტიის დეპუტატების 63 ხმა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა კანონის მისაღებად.
ოპოზიციური ფრაქცია „სომხეთი“ მიღებული გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მათი შეფასებით, ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არაპროპორციულად ზღუდავს ხმის მიცემის უფლებას და არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს.

















