სომხეთი აცხადებს, რომ ქვეყანაში საავადმყოფოები ვეღარ უმკლავდება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას

სომხეთი აცხადებს, რომ ქვეყანაში საავადმყოფოები ვეღარ უმკლავდება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას და ასევე იუწყება, რომ საავადმყოფოს გარეთ პირველი ინფიცირებული ადამიანი დაიღუპა.

პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა – რომელსაც თავადაც აქვს ეს ვირუსი და მთავრობას თვითიზოლაციიდან ხელმძღვანელობს – 6 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რიგს ელოდება კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე ადამიანი, რომელიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ეს პირველი ოფიციალური აღიარებაა იმისა, რომ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას ეპიდემიასთან გამკლავება აღარ ძალუძს.

ფაშინიანის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრა ვერ მოასწრო. ორი პაციენტი საავადმყოფოებში დაიღუპა იმის გამო, რომ ინტენსიურ განყოფილებებში არ იყო საკმარისი საწოლები.

ამასთან, ფაშინიანის თქმით, მთავრობა ახლოს იყო გადაწყვეტილებასთან აღედგინა მკაცრი კარანტინი, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა, რომ ეს არ მოიტანს სასურველ შედეგს, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით.

ინფექციის გავრცელების შესანელებლად სომხეთში საჯარო სივრცეში 4 ივნისიდან ნიღბის ტარება სავალდებულოა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 6 ივნისს დილით განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში კიდევ 547 ადამიანით გაიზარდა და საერთო ჯამში 12,364 პაციენტი შეადგინა. დაღუპულია 190 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლიამ TV პირველში დირექტორის თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიათამარ არჩუაძე – მგზავრებს პირბადის ტარება თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ, ჩაფრენის აეროპორტში კი, იმ ქვეყნის რეგულაციები უნდა დაიცვან, სადაც გაემგზავრებიან