“თაიმერის” შაბათის სტუმარია სოლომონ პავლიაშვლი- „ამ თემაზე არასოდეს მილაპარაკია…“

suliko1„არც გოიმი ვარ და არც – სვეტი, ისევ ის ვარ, ვინც 30 წლის წინ ვიყავი!“

 

საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთადერთი პრეცედენტია, როცა მინისტრმა საკუთარი სამინისტრო გააუქმა. მართალია, უსამსახუროდ არ დარჩენილა და ქონების მართვის სამინისტროს, ასე ვთქვათ, თვითლიკვიდაციის მერე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ამჟამად თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი სოლომონ პავლიაშვილი ის ადამიანია, რომელმაც „დიდი პრივატიზაციის“ დროს პოლიტიკურ წნეხს გაუძლო და ჰესები თუ სხვა სტრატეგიული ობიექტები არ გაყიდა… სხვათა შორის, ისიც აღსანიშნავია, რომ სოლომონ პავლიაშვილი, რომელიც საგარეჯოს მაჟორიტარი იყო, ქონების მართვის მინისტრად ისე დაინიშნა, რომ ართუ მაშინდელი მმართველი პარტიის, ანუ „მოქკავშირის“ წევრი გახლდათ, არამედ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ლობისტიც არ ჰყავდა. „შეიძლება, ამბიციად ჩამითვალოთ, მაგრამ ჩემი ლობისტი ჩემი პროფესიონალიზმია!“ – ამბობს სოლომონ პავლიაშვილი, რომელიც ოქტომბრის არჩევნებში კენჭს საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარად იყრის. მოკლედ, „თაიმერის“ შაბათის სტუმარი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასწავლო უნივერისტეტის რექტორი, საგარეჯოს მაჟორიტარობის დამოუკიდბელი კანდიდატი სოლომონ პავლიაშვილია, რომელსაც სიტყვა მხოლოდ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ წრეებში კი არა, შოუბიზნესშიც ეთქმის: ცნობილი რეპერი „მასტერი“ მისი უფროსი ვაჟია, მეორე ვაჟი კი, ანსაბლ „ვირუსის“ სოლისტია – 2015 წელს, „ვირუსი“ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარსდგა…        

 

– ბატონო სოლომონ, ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ რთული პოლიტიკური სიტუაციაა, სოციალურ-ეკონომიკური ფონიც მძიმეა. ასეთ დროს პოლიტიკაში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

– ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიმიღია, ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მზად ვარ, თავი კიდევ ერთხელ გადავდო და ჩემი რაიონის ღირსეული დეპუტატი ვიყო. საამისოდ მხოლოდ თეორიული გამოცდილება კი არა, პრაქტიკული ცოდნაც მაქვს, თან ვფიქრობ, რომ პარლამენტს პროფესიონალები სჭირდება. არავის ეწყინოს და, ის დრო, როცა პარლაენტში შემთხვევითი ხალხი ხვდებოდა, უნდა დამთავრდეს. ყოველგვარი გაზვიადების გარშე იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ საგარეჯოს კი არა, ყველა რაიონს, ბოლოს და ბოლოს, ისეთი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, ვისითაც ადგილობრივი მოსახლეობა იამაყებს. დღეს ამხელა სასწავლებლის – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ვარ და ყველას უკვირს, თავს რატომ ვიტკიებ და იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ხელმეორედ რატომ შევდივარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია.

– არჩევანს ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს, მაგრამ იმისთვის, რომ ხალხს დაეხმაროთ, მხოლოდ თქვენი მონდომება საკმარისი არაა. საამისოდ პოლიტიკური ნებაც უნდა არსებობდეს…

– კი ბატონო, მაგრამ ის თვისებები და უნარი მაქვს, რაც მაჟორიტარს უნდა ჰქონდეს.

– არ გეწყინოთ და, ძალიან ამბიციური განცხადებაა.

– შეიძლება, ამბციად ჩამითვალოთ, მაგრამ თუ საგარეჯოდან ვინმე ჩემზე კარგ ე.წ. სივს წარმოადგენს და დეპუტატობის სურვილს გამოთქვამს, გზას უყოყმანოდ დავუთმობ, მაგრამ მაჟორიტარი ადგილობივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ხიდია. გარდა ამისა, ნებისმიერი მაჟორიტარი მხოლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კი არა, საერთოდ, ხელისუფლებაში თავისი რაიონისა და ხალხის ინტერსებს უნდა იცავდეს. ამისთვის კი, პროფესიონალიზმია საჭიროა, რაც თავისთავად, პოლიტიკურ გავლენასაც ნიშნავს, ანუ როცა პროფესიონალი ხარ, ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერ მინისტრთან თავისუფლად ლაპარაკობ. შესაბამისად, მინისტრიც მორიდებულია და იმ საკითხების მოგვარებაზე, რაც რაიონისთვის აუცილებელია, უარს ვერ გეუბნება. სხვათა შორის, საგარეჯოს მაჟორიტარი ერთხელ უკვე ვიყავი და ვიცი, რომ გარკვეული დიფერენციაცია არსებობს.

– რას გულისხმობთ?

– რას და, – აღმასრულებელი ხელისუფლება რაიონებს ერთმანეთისგან იმის მიხედვით არჩევს, რომელს უფრო ძლიერი და პროფესიონალი დეპუტატი ჰყავს. მოკლედ, პოლიტკაში დაბრუნების გადაწყვეტილება ყველაფერ ამის გათვალისწინებით მივიღე. ისე, ფილმი – მელ გიბსონის „მამაცი გული“ ნანახი გაქვთ?

sulikooooo

– დავუშვათ, ნანახი მაქვს, მაგრამ ეს ჰოლივუდური ფილმი თქვენს გადაწყვეტილებასთან რა კავშირშია?

– ამ ფილმის პერსონაჟი ამბობს, როცა გადამწყვეტი მომენტი დადგება, გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რადგან მერე არ ინანოო. ასევე, მომწონს გამოთქმა: „ყველა კვდება, მაგრამ ყველა არ ცხოვრობს ნამდვილი ცხოვრებით!“

– ფილმები, მით უმეტეს, ჰოლივუდური, ცხოვრებისგან განსხვავდება, თან თქვენ მელ გიბსონი კი არა, კახელი სოლომონ პავლიაშვილი ხართ…

– დიახ, ვიცი, ვინც ვარ და მეორედ საგარეჯოს მაჟორიტარობა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. არ დაგიმალავთ და, მეგობრები და ახლობლები მირჩევნდნე, მხოლოდ დეპუტატი კი არა, მინისტრიც იყავი და იქნებ, კენჭისყრაზე თავი შეიკავოო, მაგრამ რაკი გადაწყვეტილება მივიღე, ყველა გვერდით მიდგას!

– ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ბატონო სოლომონ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენს პროფესიონალიმზე ბევრი მსმენია, მაინც მგონია, რომ იმ გზაზე, რასაც ხალხის დახმარება ჰქვია, ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდებთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წეღანაც გითხარით, ქვეყანა ლამის შიმშილობის ზღვარზეა. მართალია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, მაგრამ სოციალური კუთხით ხალხისთვის ბევრი არაფერი კეთდება. სამაგიეროდ, ჩინოვნიკები პრემია-დანამატებს არ იკლებენ. ისე, „ვარდების რევოლუციამდე“ სადაზღვეო ფონდში მაღალი თანამდებობა გეკავათ. შეიძლება, ვინმემ სწორედ ეს ბეგრაუნდი წამოგაძახოთ, მაშინ რა გააკეთე და ახლა რას გააკეთებო?

– სხვათა შორის, ის კანონები, რომლებიც დღეს მოქმედებს, იგივე სახელმწიფო სოციალური დაცვისა თუ კერძო საპენსიო ფონდის შესახებ, სწორედ მაშინ მივიღეთ.

– ჰოდა, ვიღაცები ამ კანონებს იწუნებენ…

– კანონები კი არაა დასაწუნი, არამედ, მაშინ, რა დასამალია და, სხვანაირი პოლიტიკური ნება არსებობდა. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 6-7 წელი იყო გასული, ქვეყანა ფეხზე დგებოდა და ინსტიტუციური მოწყობისთვის მაქსიმუმს ვაკეთებდით.

– შეიძლება, მაგრამ ყველას გვახსოვს: 90-იან წლებში, ანუ „ვარდების რევოლუციამდე“ პენსიები თვეობითა და ლამის წლობით გვიანდებოდა…

– არც ამას უარვყოფ, მაგრამ ეს სოციალური ფონდის ბრალი არ იყო.

– აბა, ვისი ბრალი იყო, ჩემი?

– ასე რატომ მელაპარაკებით?.. პენსიები წმინდა საშემოსავლო ნაწილია, რომელსაც მაშინ ფინანსთა სამინისტრო, ასე ვთქვათ, განკარგავდა. შემოსავლებს კი საგადასახადო ინსპეცქია იღებდა. სხვათა შორის, ისიც პოლიტიკური ნების ნაწილი იყო, რომ ამ ფონდს ეს ფუქნცია ჩამოართვეს, თორემ იმ დროს, როცა თანხების მობილიზებაზე პასუხისმგებელი ფონდი იყო, პენსია, მაქსიმუმ, ერთი თვის დაგვიანებით რიგდებოდა. პენსიების დაგვიანება 1998 წლიდან დაიწყო, თუმცა რეფორმები მანამდე გატარდა და ადაიანმა დაინახა, რომ პენსია ჯილდო კი არა, თავისი შრომის შედეგია.

– კარგი, რა, ბატონო სოლომონ, პენსია 8 თუ 10 ლარი იყო და „შრომის შედეგს“ ამას ეძახით?

– შრომის ადექვატური მხოლოდ მაშინდელი კი არა, ახლანდელი პესნიაც არაა, მაგრამ კომუნისტების დროიდან მოყოლებული, ხალხს ეგონა, რომ პენსიას პროფკავშირები აძლევდა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ახალი ინსტიტუცია შევქმენით, თუმცა ვაღიარებ: დიახ, საგადასახადო შემოსავლების ნაწილში შეცდომები არსებობდა – ფონდი ბიუჯეტიდან ტრანსფერებს ვერ იღებდა, ანუ გამტარი იყო და შესაბამისად, პენსიის დარიგების კუთხით, პრობლემები იქმნებოდა.

– ბატონო სოლომონ, პირდაპირ მითხარით: ფონდის მუშაობას ხელს კონკრეტული ადამიანები უშლიდნენ?

– პოლიტიკური ნება არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა მაინც გატარდა, მაგალითად, საპენსიო ბარათები შეიქმნა და, სხვათა შორის, ე.წ. დაგროვებით პენსიაზე ლაპარაკიც სწორედ მაშინ დავიწყეთ – სამ თვეზე მეტი ირლანდიაში ვიყავით, საიდანაც „დაგროვებითი პენსიის“ მოდელი ჩამოვიტანეთ, მაგრამ გარკვეული წინააღმდეგობის გამო, მისი ამოქმედება ვერ შევძელით. მეტსაც გეტყვით, სოციალური დაზღვევის ფონდის მიერ ე.წ. სობესების შეერთებას კატასტროფა მოჰყვა.

– რას გულისხმობთ?

– ამ რეფორმას ბევრი მოწინააღმეგე ჰყავდა და ხუმრობდნენ კიდეც, ისე გამოვიდა, რომ ღილს პალტო დააკეროო, ანუ სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდი პატარა იყო, „სობესის სისტემა“ კი – უზარმაზარი.

– იმის თქმა გინდა, რომ „სობესი“ ერთგვარი მაფია იყო?

– დიახ, მაფია იყო.

– მაშასადამე, „სობესის“ სოციალური დაზღვევის ფონდთა შეერთება კულუარი ბრძოლის საბაბი გახდა?

– დიახ, დიახ… სერიოზული წინააღმდეგობა არსებობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რეფორმა 68 რაიონში მაინც გავატარეთ. სხვათა შორის, „სობესი“ ადგილობრივი ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო. სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდი კი, დამოუკიდებელი სტრუქტურა გახლდათ… ერთი სიტყვით, იმ მავნე სისტემაში, რაც იგივე პენსიის დანიშვის კუთხვით ხდებოდა, ჩვენი ფონდი არ ერეოდა და მხოლოდ დამფინანსებლის ფუქნცია ჰქონდა. ეს მავნე კომუნისტური ინსტიტუცია სწორედ ჩვენ გავაუქმეთ და ის საფინანსო-საკრედიტო სისტემა შევქენით, რომელიც სოციალური საგენტოს სახით დღესაც მოქმედებს.

შეიძლება, ვინმეს შეკითხვა გაუჩდეს და ახლავე გეტყვით, ამ ფონდში 6 წელი ვიმუშავე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: არც მაშინ და არც მერე ჩვენი ერთი თანაშრომელი არც დაუჭერიათ, არც – ბრალი წაუყენებიათ და არც მოწმის სტატუსით დაუკითხავთ! ასე რომ, ეს თემა, უბრალოდ, აჟიტირებული იყო და მეტი არაფერი.

– ამ თემის აჟიტრება ვის და რაში აწყობდა?

– სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდი არჩევნებისთვის პოლიტიკური იარაღი იყო.

– დამიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?

– იმ რაიონში, რომელსაც ტრანსფერსა და სოციალურ დახმარებას მისცემდი, არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული იყო. ამიტომ, ამ ინსტრუმენტის გამოყენებას ყველა ცდილობდა, მაგრამ ბატონებო, დრომ დაამტკიცა, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. თუკი „მკვადრი სულები“ არსებობდა, სად წავიდა? კონტროლის პალატამ ფონდში ორწელიწადნახევარი იმუშავა, თან მას მერე არაერთი მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ვიმეორებ: ჩვენი არც ერთი თანამშრომელი მოწმის სტატუსითაც კი არ დაუკითხავთ!

soso=suliko

– ბატონო სოლომონ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, არ დამიმალოთ, იგივე „მკვდარ სულებზე“ მერაბიშვილ-ადეიშვილის ხალხმა შეკითხვები არ დაგისვათ?

– „მკვდარი სულები“ „სობესის“ თემა იყო და შეკითხვები ჩემთვის რატომ უნდა დაესვათ?

– ეს გასაგებია, მაგრამ ფონდმა ხომ „სობესი“ შეიერთა, ანუ მისი, ასე ვთქავთ, აქტივი და პასივი გადაიბარა?

– „მკვდარი სულების“ თემა სწორედ ამ გადაბარების დროს „ამოვარდა“, თუმცა ჩვენ ისეთი რეჟიმი გქვონდა, რომ ათი და ოცი ათასი კი არა, პრაქტიკულად, 9 „მკვდარი სული“ აღმოჩნდა, თუმცა მხოლოდ სია არსებობდა და თანხა გაცემულიც  არ იყო.

– „მკვდარ სულებზე“ გამოწერილ პენსიას ჩინოვნიკები იღებდნენ?

– არა, ეს თანხა, უბრალოდ, გაჩერებული იყო… ხომ გეუბნებით, რომ ფონდში კონტროლის პალატამ ორწელიწადნახევარი იმუშავა…

– „ვარდების რევოლუციამდე“ თუ მერე?

– რევოლუციამდეც და რევლუციის მერეც, მაგრამ ვერაფერი ნახა. სხვაშა შორის, ეს საპენსიო კი არა, სოციალური დაზღვევის სახელმწიფო  ფონდი იყო, რომელშიც პენსიებთან ერთად, სოციალური დახმარებები, სანატორიუმ-კურორტული მკურნალობა და სპორტული გაჯანსაღების საკითხებიც შედიოდა. ფონდი დამოუკიდებელი იყო, მაგრამ 1998 წელს, ვიღაცის „ხუშტურების“ გამო, სოციალური ამოღების ნაწილი ფინანსთა სამინისტრომ წაიღო, რაც არ შეიძლებოდა.

– ეს „ვიღცაები“ ვინ იყვნენ?

– დასამალი არაფერია: ვინ და, – ვინც მაშინ ფინანსთა სამინისტროს განაგებდნენ.

– ბატონო სოლმონ, ასეა თუ ისე, ფაქტია, პენსია იყინებოდა…

– პენსია იმიტომ იყინებოდა, რომ ბიუჯეტი არ სრულდებოდა.

– ეს გავიგე, მაგრამ ხელფასები ჩინოვნკებსაც გეყინებოდათ?

– დიახ, ხელფასებიც ჩერდებოდა, თან ძალიან დაბალი იყო.

– აბა, რითი ცხოვრობდით?

– ჩვენც ისე ვცხოვრობდით, როგორც ხალხი ცხოვრობდა.

– თუკი ხელფასი არ გქონდათ, თანამდებობა რაღად გინდოდათ?

– ჩინოვიკობა ერთგვარი ამბიციაა. ეს საკმაოდ დიდი უწყება იყო, სადაც 2500 ადამიანამდე მუშაობდა. ამ სისტემაში მესამე პირი ვიყავი, მაგრამ შვილივით გავზრადეთ – ყველაფერი ცარიელი სკამითა და მაგიდით დავიწყეთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ სამსახურში უამრავი წესდება და დებულებაა დაწერილი, რაც დღესაც მუშაობს. ვინც რა უნდა, ის თქვას: შევქმენით ინსტიტუცია,რომელიც დღემდე მუშაობს.

– ბატონო სოლომონ, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით: თქვენს სამსახურში კორუფცია არ იყო?

– შეიძლება, რაღაც დონეზე იყო…

– პირადად თქვენთვის, ვთქვათ, ქრთამი შემოუთავაზებიათ, რომ რომელიმე რაიონისთვის ტრანსფერი მიგეცათ?

– გამორიცხულია! კი ბატონო, აი, გულზე ხელს დავიდებ და ისე გიპასუხებთ: არავისკენ ხელს არ ვიშვერ, მაგრამ ფონდში ისე არ ხდებოდა, რომ რაღაც ფული მოკრეფილიყო… თუ რომელიმე რაიონში სოციალური მუშაკი ფოსტას გაურიგდებოდა, თქვენ, რა, გგონიათ, რომ ფულს ჩემთან მოიტანდნენ? – ამას ვერც გამიბედავდნენ, თორემ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: შეცდომები, რა თქმა უნდა, არსებობდა.

– მაინც, რა სახის შეცდომას უშვებდით?

– შეიძლება, ერთ რაიონს მეტად ვაფინანსებდით, მეორეს – ნაკლებად, მაგრამ ესეც რაიონის გამგებლის აქტიურობასა და, არ დავმალავ, პიროვნულ ურთიერთობაზე იყო დამოკიდებული, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ბიუჯეტი არ სრულდებოდა და, შესაბამისად, ფონდს ყველა რაიონის დაფინანსება არ შეეძლო. სხვათა შორის, პრიორიტეული ფონდის დაფინანსება კი არა, დღგ-ს ამოღება იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, შევძელით და „ეს-ენ-გე“-სა და ბალტიის ქვეყნების მასშტაბით, ერთ-ერთი სამაგალითო ინსტიტუცია შევქმენით.

– რა ვიცი, სააკაშვილი ერთ ამბავში იყო, შევარდნაძის დროს კორუფცია ყვაოდაო, სოციალური დაზღვევის ფონდში კი, თურმე, ანგელოზებს გიმუშავიათ!

– ანგელოზობაზე თავს არავინ ვდებთ. გითხარით და კიდევ გეუბნებით: შეცდომებსაც ვუშვებდით და არ ვმალავ: ნეპოტიზმიც არსებობდა.

– ეს ნეპოტიზმი რაში გამოიხატებოდა?

– მაგალითად, შეიძლება, ახლობელს ეთხოვა და დაგესაქმებინა.

– მაშინ დედათქვენი უკვე პენსიონერი იყო?

– არა, პენსიონერი ბებია მყავდა.

– და პენსიას ყოველ თვე იღებდა?

– არა. სხვათა შორის, პენსიების დარიგება ადგილობრივ შემოსავლებზე იყო დამოკიდებული. ამიტომ, მაგალითად, თბილისის რაიონებში პენსია ერთი დღითაც კი არასოდეს დაგვიანებულა. ამ მხრივ საგარეჯოს რაიონიც გამორჩეული იყო, რადგან მაღალი შემოსავალი ჰქონდა.

– საგარეჯოელი ხართ და, აბა, საკუთარ რაიონს პენსიას ხომ არ დაუგვიანებდით!

– სხვათა შორის, თავის დროზე ერთ-ერთ გაზეთში დაწერეს, პენსიას სოლომონ პავლიაშვილის ბებიაც დაგვიანებით იღებსო.

მოკლედ, ამ თემას ამოვწურავ და ყველას პასუხს გავცემ: დრო დაამტკიცა, რომ დაზღვევის სახელმწიფო ფონდში უკანონო არაფერი ხდებოდა, თორემ ვერავინ გადაფარავდა!

– ერთი სიტყვით, პენსიებში დიდი ფული ტრიალებს?

– არ ვიცი…

– ისე, ბატონო სოლომონ, რა ამის პასუხია და, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კახური ანეგდოტი მოყევით, რაზეც ვიღაცებმა აჟიოტაჟი ატეხეს. ამას რითი ხსნით?

– დიახ, ანეგდოტი მოვყევი და ამის გამო ვიღაცებმა კბილი გამკრეს, მაგრამ ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს! თუ გინდათ, ამ ანეგდოტს თქვენც მოგიყვებით…

– არა, გმადლობთ, არ მინდა, რადგან თქვენ შეიძლება, ეროტიკული ანეგდოტის მოყოლისთვის „ჩაგქოლონ“, მე კი – მოსმენისთვის!.. წეღან თქვით, ჩინოვნიკობას თავისი ხიბლი და ამბიცია აქვსო, შეიძლება, ასეცაა, მაგრამ მაშინ, როცა ჩინოვნიკის კარიერას „შეუდექით“, ქვეყანა, პრაქტიკულად, დაქცეული იყო და არ გერჩიათ, მეცნიერებაში დარჩენილიყავით?

– რას ამბობთ, მეცნიერება ხომ არ იყო დაქცეული?! – პროფესორი ვარ და ხელფასი 60 ლარი მქონდა.

– ფონდში ჯამაგირი რამდენი გქონდათ?

– ცოტა მეტი… ისე, სოციალურ სფეროში მუშაობა რთულია და ვერ წარმოიდგენთ, რას აღარ გავუძელი: ყველაფერს თავი რომ დავნებოთ, საქართველოს ყველა რაიონში და სოფლების 70 პროცენტში ნამყოფი ვარ.

 

– ხალხი გეჩხუბებოდათ ხოლმე?

– ჩხუბიც იყო და სითბოც, მაგრამ არ დავმალავ: ჩემი ბევრი კოლეგა რაიონში წასვლაზე უარს ამბობდა. ამიტომ, კახეთშიც მე დავდიოდი, ქართლშიც და დასავლეთ საქართველოშიც.

სხვათა შორის, ამ მძიმე სიტუცაიის მიუხედავად, ისეთი ერთი თვეც არ ყოფილა, რომ აფხაზეთში მცხოვრებ  მოსახლეობას პენსია არ აეღო. ეს კი არადა, 1993 წლის 9 სექტმებერს, ოთარ ხუფენასთან ერთად, სოხუმში ვიყავი და იმ დღეს ჟიული შარტავა ბოლოს ვნახე. რამდენიმე დღეში კი, სოხუმი დაეცა.. მერე, ჭუბერზე დევნილებს დავხვდი, ჰუმანიტარული დახმარება გადავეცი და დაღუპულებიც გადმოვასვენეთ, თუმცა ამ თემაზე არასოდეს მილაპარაკია…

– ბატონო სოლომონ, მართალია, ე.წ. ნაციონალურ რეპრსიებს გადაურჩით, მაგრამ ხელისუფლებაში „ვარდოსნები“ რომ მოვიდნენ, ერთგვარი შიში არ დაგეუფლათ, ვაიმე, მერც არ დამიჭირინო?

– მხოლოდ ყოფილი მინისტრები კი არა, ლამის სოფლის რწმუნებულებიც დაიჭირეს. ვერ ვიტყვი, რომ მეშინოდა, მაგრამ უსიამოვნო განცდა მქონდა, თუმცა ამ ხალხთან თავის დროზე პარლამენტში ვმუშაობდა… იცოდნენ, როგორი პროფესიონალი ვიყავი და ისიც იცოდნენ, რომ ქონების მართვის მინისტრად წმინდა პროფესიონალური ნიშნით დავინიშნე და არა – „პაბლაშკებით“. ამ ინტერვიუს წაიკითხავენ და დამეთანხმებიან, რომ არც ლობი მყავდა და არც – მაშინდელი მმართველი პარტიის წევრი ვიყავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქონების მართვის მინისტრად მაინც დავინიშნე, რაც, პრაქტიკულად, უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო, რადგან თანამდებობაზე მხოლოდ პარტის ლიდერები ან ისინი ინიშნებოდნენ, ვინც პარტიის დაფუძნებაში მონაწილეობდნენ.

– მინისტრობამ რა მოგცათ?

– რა და, – გამოცდილება, თუმცა ეს საქმე წინააღმდეგობრივიც იყო, ანუ იმის თქმა მინდა, რომ რადიკალური რეფორმის გატარება დავიწყე და ყველა სახელმწიფო შპს ერთ ხელში მოვაქციე, რის გამოც  თითქმის ყველა მინისტრი გავანაწყენე.

– ანუ, შპს-ებიდან მინისტრებთ „ლევი“ შემოსავლები ჰქონდათ?

– ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ დასამალი არაა: შპს-ბში თავინათ ხალხს ნიშნავდნენ… ეს გარკვეული გავლენის სფერო იყო. არადა, ჩემმა წინამორბედმა მინისტრმა ეს საწარმოები ხელის ერთი მოსმით დარგობრივ სამინისტროებს  გადასცა. კანონით კი, ქონების მართვის სამინისტრო ყველა ამ შპს-ს პარტნიორი უნდა ყოფილიყო. ამიტომ, 2002 წლის 12 თებერვალს, პრეზიდენტის ბრძანებულება გამოვეცი და ყველა სახელმწიფო შპს ისევ ქონების მართვის სამინისტროს დაქვემდებარებაში დავაბრუნე.

– ახლა, ისე ნუ მელაპარაებით, რომ ქონების მართვის მინისტრობისას თითქოს არაფერი გიყიდიათ…

– ყველაფერზე აუქცინი ცხადდებოდა… ვიღაცების წახალისება, რა თქმა უნდა, ხდებოდა… იცით, როგორ იყო? – ყველა ქონებას თავისი პატრონვით მოჰყვებოდა, ანუ ისეთი პოლიტიკური ნება იყო, რომ აუქციონში უცხო მონაწილეობის სურვილის თითქმის არც გამოთქვამდა…

– ანუ, აუქციონები ფორმალურად ტარდებოდა?

– ფორმალური ჩატარება რას ნიშნავს? ერთი ადამიანი მაინც მანახეთ, ვინც ამის გამო იჩივლა.

– სხვათა შორის, მიშა ხალხს სწორედ იმის გამო იჭერდა, აი, რევოლუციამდე სახელმწიფო ქონება ხელში კაპიკებად ჩაიგდოო…

– არ ვიცი, ვინ რა ჩაიგდო, მაგრამ ჩემი მინისტრობისას ერთი ჰესიც არ გაყიდულა, არადა, იგივე ე.წ. იმერეთის ჰესებზე – ძერულაჰესზე, შაორჰესზე, რიონჰესსა თუ ვარციხეჰესზე არაერთი შემოთავაზება გქვონდა. მეტიც, სადისტრბუციო კომპანიებიც არ გამიყიდია. შემოთავაზების მიუხედავად, საოკიანო სანაოსნოს გაყიდვაზეც უარი ვთქვი.

– ეს შემოთავაზებები არაოფიციალური იყო?

– არ დაგიმალავთ: ყველანაირი შემოთავაზება მქონდა და ყველა შემოთავაზებას თავისი პოლიტიკური ლობიც ჰყავდა. ზოგი დღემდე ნაწყენიცაა…

– ნაწყენი მაინც, ვინაა?

– კონკრეტიკა რას იძლევა?

– მემუარების დაწერას არ აპირებთ?

– წერა მეხერხება, მაგრამ სიცოცხლეს ისე დავამთავრებ, რომ მემუარებისთვის დრო არ მექნება – ის კაცი არ ვარ, რომ შინ დავჯდე! ისე, ეს მემუარებიც უკვე ძალიან ტრაფარეტულია – ყველა წერს.

– შეიძლება, მაგრამ უდავოა, ბევრი რამ იცით…

– დიახ, ბევრი რამ ვიცი, რადგან ურთიერთობა ბევრ ხალხთან მქონდა, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც უნდა ილაპარაკო და არის რაღაცები, რაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ვერ გამიგია, ე.წ. შევარდნაძის მინსტრები შევარდნაძეს რომ ლანძღავენ და ისე იქცევიან, თითქოს მინისტრობა ეკუთვნოდათ! იმ ადამიანის მადლობელი ვარ, რომ ჩემში პროფესიონალიზმი დაინახა და მინისტრად დამნიშნა!

– …ეს პროვინციელი ბიჭი როგორ „გაიქაჩეთ“?

– „გასაქაჩი“ რა მქონდა? – მხოლოდ სკოლა კი არა, უნივერსიტეტიც წარჩინებით დავამთავრე. კურსზე 150 სტუდენტი ვიყავით და შეგიძლიათ, ნებისმიერს ჰკითხოთ, როგორ ვსწავლობდი.

– შეიძლება, სხვებიც სწავლობდნენ, მაგრამ თავბრუდამხვევი კარიერა ვერ გაიკეთეს…

– არ მგონია… უნივერისტეტი წარჩნებით ექვსმა თანაკურსელმა დავამთავრეთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ერთი ადგილი იყო, სადაც რომან გოცირიძემ ჩააბარა, მე კი, აკადემიის ასპირანტურაში ჩავაბარე. მხოლოდ მათემატიკის კი არა, ქართულის ოლიმპიადებიც მოგებული მაქვს და, საერთოდ, ყველგან პირველი ვიყავი.

– ამ წარჩინების გამო „დედიკოს ბიჭს“ არ გეძახდნენ?

– მეტყობა, რომ „დედიკოს ბიჭი“ ვიქნებოდი? ზოგი თავს იწონებს, ქუჩაში ვიდექიო, მაგრამ რაც უნდა გაზვიადებული მოგეჩვენოთ, მე ის კაცი ვარ, რომელიც ყოველთვის და ყველგან ლიდერია! ჩემს რაიონსაც არასოდეს მოვწყტვეტივარ! ამიტომ, საგარეჯოში არჩევნები ვინ უნდა მომიგოს?! საერთოდ, დიდი ოჯახი მაქვს…

– ბატონო სოლომონ, ასეა თუ ისე, მაინც ვერ გავიგე, საგარეჯოს მაჟორიტარობა ხელმეორედ რატომ გინდათ?

– ყველას პატივს ვცემ და ყველას გაუმარჯოს, მაგრამ ნუთუ, 60 ათას ადამიანს ისეთი არავინ ჰყავს, რომ მაჟორიტარი თავისი რაიონიდან აირჩიოს? შეიძლება, ვინმემ მკითხოს, როცა დეპუტატი იყავი, რაიონისთვის რა გააკეთეო. რა გავაკეთე და, – საგარეჯოს რაონის ისტორიაში მაჟორიტარის ოფისი პირველმა გავხსენი და ხალხს ყოველ ორშაბათს ვხვდებოდი. გარდა ამისა, უამრავი სკოლა გარემონტდა…

– ხალხს ახლაც შეხვდებით ხოლმე?

– რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ვაპირებ, მაჟორიტარის ბიუროში ერთგვარი საკონსულტაციო საბჭო არსებობდეს, რომელიც იურისტებითა და ეკონომისტებით იქნება დაკომპლექტებული და რომლებიც ხალხს ბიზნესგეგმის შედგენაში დაეხმარებიან, ასევე, იურიდიულ მომსახურეობას გაუწევენ. ახალგაზრდებთანაც კოორდინაციაში ვიქნები და უამრავ ღონისძიებას ჩავატარებ. საერთოდ, მე ის კაცი ვარ, რომლის მოძებნა არც ახლა ჭირს და არც დეპუტატობის მერე გაუჭირდებათ!

– გომი ხართ თუ სვეტი?

– ეს სიტყვები არ მიყვარს! მე ისევ ის სოლიკო  პავლიაშვილი ვარ, როგორიც 30 წლის წინ ვიყავი! მეგობრები კი, სტალინელებიც მყავს და გლამურული ცხოვრების მოყვარულებიც, ანუ ყველა სფეროს წარმომადგენლთან ვმეგობრობ!

ესაუბრა ბექა კალანდაძე

banner
წინა სტატიაშიკათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე 2016
შემდეგი სტატიაილია მეორე – გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს