ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას, მონაწილეებს დაკავებული ქართველი ჟურნალისტის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გამოსახულებით სპეციალური ბარათები დაურიგეს. აქციის ინიციატორი სამხრეთ კავკასიაში ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი იყო. ბარათების მეშვეობით ასამბლეის წევრებს საშუალება აქვთ, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ჟურნალისტს მხარდამჭერი გზავნილები გაუგზავნონ.
აღნიშნულ ფაქტს „ტვ პირველთან“ საუბარში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი გიგი წერეთელი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პროდასავლური მოსახლეობის, პროტესტში მყოფი მოქალაქეებისა და პოლიტპატიმრების მიმართ დიდი თანაგრძნობა და სოლიდარობა არსებობს.
„ასეთი განწყობებია იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად მიაჩნიათ, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამას არ იმსახურებს ეს ქვეყანა, არც მისი ხალხი არ იმსახურებს. შებრძოლება ამ ყველაფერთან ძალიან ჰგავს, რომ საკუთარ გამოსახულებას ებრძოდე სარკეში, რომელიც არ მოგწონს, ოღონდ რატომ არ მოგწონს და რა მიზეზები აქვს ამას, იმაზე არ ფიქრობდე და იმის აღმოფხვრას არ ცდილობდე“, — განაცხადა გიგი წერეთელმა.
















