სოხუმში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზი ბავშვის გამო უთანხმოება გახდა

გულნაზ მამედოვას მკვლელობას, რომელსაც 11 მარტს ჰქონდა ადგილი სოხუმში, უკავშირებენ მსხვერპლის რამდენიმეწლიან დავას ვიქტორ ჯანბასთან, რომელმაც ეს ახალგაზრდა ქალი სიცოცხლეს გამოასალმა. ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში, სოხუმის სასამართლომ განიხილა მათ შორის არსებული სამოქალაქო საქმე და დაადგინა: რუსეთის მოქალაქის გულნაზ მამედოვას და აფხაზეთის ე. წ. რესპუბლიკის მოქალაქის ვიქტორ ჯანბას მცირეწლოვან შვილს დედასთან უნდა ეცხოვრა. წყვილი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა.
მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ვიქტორ ჯანბამ ბავშვი დედას არ დაუბრუნა და გადამალა იგი. საქმეში ჩაერთო „აფხაზეთის მედიის ასოციაცია“ და ე. წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას დახმარება სთხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
ვიქტორ ჯანბამ, თავის მხრივ, დახმარება თავის მამიდას – მარინა გუმბას სთხოვა, რომელიც ოპოზიციური პარტია “ამცახარას” ერთ-ერთი გავლენიანი პირია. ამ უკანასკნელმა თხოვნით მიმართა ე. წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს შეესწავლათ ეს საქმე. ამ მიმართების შემდეგ დე-ფაქტო გენპროკურატურამ მოკვლევა ჩაატარა და მამედოვასთან დაკავშირებით გადაცდომები ვერ იპოვა.
მოგვიანებით, ვიქტორ ჯანბა იძულებული შეიქნა შვილი დეისთვის დაებრუნებინა, თუმცა კონფლიქტს მამაკაცსა და ქალს შორის პერიოდულად ჰქონდა ადგილი.
11 მარტს მან სიცოცხლეს გამოასალმა გულნაზ მამედოვა, თავად კი მილიციაში გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ჯანბა აქტიურად იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ 1993 წელს, მას „აფხაზეთის გმირის“ წოდებაც კი აქვს მიღებული.

banner
წინა სტატიაშივინ იჯდა და ვის ეკუთვნის ირანში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავი?
შემდეგი სტატიამერკელს პუტინისთვის დროდადრო გერმანიიდან ლუდი ჩააქვს