“სოხუმის ფილიალის არსებობა – ეს აფხაზეთის დაუვიწყებლობა, აფხაზეთში უცილობელი დაბრუნების სიმბოლო იყო”, – ასე ეხმაურება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ისტორიკოსი კახა კვაშილავა უნივერსიტეტის დახურვის საკითხს.
კახა კვაშილავას წერილს, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში, “ფეისბუკის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა, “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“ყველაზე მარტივად თსუ სოხუმის ფილიალის დახურვა და ბევრისთვის ამ პრობლემის მოხსნა, იმ 1993 წლის შემოდგომაზე შეიძლებოდა: სტუდენტობა, ლექტორ-მასწავლებლები ენგურიდან წითელ ხიდამდე, ჭუბერიდან ბათუმ-ახალციხემდე იყვნენ გაფანტული.
ესენი, ვინც ცოცხალნი დარჩნენ და ომში არ დაეცნენ ან გენოციდისას არ ამოხოცეს…
დიდება ჩვენს პროფესურას და სტუდენტებს, ვინც თავი დასდო სამშობლოსათვის! ბევრია ასეთი…
ჰოდა, მაგ დროს გაუქმება ძალიან მარტივი იყო. არც შენობა, არც პროფესურა, არც – სტუდენტობა.
მაგრამ არ გააუქმეს. პირიქით, მხარი დაუჭირეს, გაამხნევეს, თბილისის სკოლებში სივრცე დაუთმეს და 1994 წლის ზაფხულში ახალი ნაკადი მიიღო მსოფლიოში პირველმა იძულებით გადაადგილებულმა (დევნილმა) უმაღლესმა სასწავლებელმა.
საოცარი ენთუზიაზმი იყო იმხანად. დროდადრო მეც ჩამოვდიოდი ბათუმიდან და ორთაჭალაში მივდიოდი სკოლაში, რომ ბათუმში მიღებული ქულები აქ გადმომეტანა.
განა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა არ მინდოდა? მადლობა ჩემს ბსუ-ს, ჩემს ლექტორებს, ჩემს კურსელებს. მაგრამ მე მაინც სოხუმის ფილიალის სტუდენტად დავრჩი, ამ სასწავლებლის დიპლომი უნდა ამეღო. ასე გადავწყვიტე, რადგან ასე გაგვეძლიერებინა ჩვენი მშობლიური მხარის ინტელექტუალური ბურჯი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფრიდონ ქარდავამაც, ამჟამად ცნობილი მწერალი ქარდა ქარდუხის ფსევდონიმით ცნობილი.
სოხუმის ფილიალის არსებობა – ეს აფხაზეთის დაუვიწყებლობა, აფხაზეთში უცილობელი დაბრუნების სიმბოლო იყო.
დევნილი უნივერსიტეტიც ამისთვის ემზადებოდა 1994 წლიდან, ამისთვის ამზადებდა და ამზადებს სპეციალიტებს ამჟამადაც.
იმ პერიოდში ძალიან ბევრმა მოიპოვა სამეცნიერო ხარისხი, ზოგმა ერთი, ზოგმა ორივე (კანდიდატი და დოქტორი) და შეუდგა მუშაობას დანგრეულ შენობებში. შეიქმნა არა ერთი ახალი ნაშრომი და ახალი ცოდნა, რომელიც შემდეგ სხვა მეცნიერებმაც გაიზიარეს და დღეს უკვე ჩვენი ცოდნის შემადგენელი ნაწილია.
მახსოვს, ჩემი პირველი წიგნის პრეზენტაციაზე ცნობილმა ისტორიკოსმა, პროფესორმა თამაზ ბერაძემ თქვა, აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერები ვახტანგ VI-ს ინტელექტუალურ დასს მაგონებთო, ასევე ერთად წამოხვედით და მნიშვნელოვან შედეგებსაც აღწევთო. ვისაც ბატონი თამაზი ახსოვს, იცის, რომ სიტყვებს აქეთ-იქით არ ისროდა და ისიც კარგად იცოდა, რას ამბობდა.
მაშინ, როდესაც სხვა უნივერსიტეტის მკვლევარებს ის საყოფაცხოვრებო თუ სოციალური პრობლემები წინ არ ედგათ, რისი გადაწყვეტა ყოველდღიულად სოხუმის უნივერსიტეტის მკვლევარებს, რომლებიც 16 კვადრატულ მეტრიან ოთახებში იყვნენ შეყუჟული მათი ოჯახის წევრებთან ერთად, სოხუმელებმა თავდაუზოგავად იმუშავეს.
საიდან სად დადიოდნენ, რომ სოხუმის უნივერსიტეტს ეარსება, თორემ აქაური ხელფასები ოჯახს ერთი დღეც ვერ შეინახავდა.
ეს უნივერსიტეტი აფხაზეთის ქართული ეროვნული სულის ბურჯია.
აქ იქმნება ცოდნა, რომელიც ებრძვის სეპარატიზმს და, ქართულთან ერთად, იცავს აფხაზურ იდენტობას, კულტურას.
ჩვენს ნაშრომებს ვერაფერს უპირისპირებს სეპარატისტი და ოკუპანტი. ალბათ, ამიტომაც არ ვეხატებით გულზე.
ჩვენი უნივერსიტეტის ძველ, ისტორიულ შენობაში არასდროს ვყოფილვარ. კარი არასდროს შემიღია. მე მჯერა, რომ აუცილებლად შევაღებ, ერთად შევაღებთ იმ კარს!” – წერს კახა კვაშილავა.
















