სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

„ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს.

ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავის გამო, საქართველოს დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დაშვებულია.

 

banner
წინა სტატიაშილავროვს პოროშენკოზე ხუმრობა მწარედ შეუბრუნეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: “ოცნება” ძალიან ახლოსაა იმ წითელ ხაზთან, რომლის შემდეგაც სოციალური ბუნტი იწყება”