სოხუმის აეროპორტში რეისები შემცირდა – სტარტი წამგებიანი აღმოჩნდა

მაისში გახსნილმა სოხუმის აეროპორტმა ფინანსური მოლოდინები ვერ გაამართლა, რის გამოც ოთხი მიმართულების ნაცვლად, აეროპორტი მხოლოდ მოსკოვის მიმართულებით იფრენს, – ინფორმაციას აფხაზურ და რუსულ მედიაზე დაყრდნობით, “ტაბულა” ავრცელებს.

მიმდინარე წლის 1 მაისს, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, ვლადისლავ არძიმბას სახელობის აეროპორტი გაიხსნა.

გახსნის დღიდან ოქტომბრამდე აეროპორტის მომსახურებით ისარგებლა 118 000-მდე მგზავრმა, რუსეთის მიმართულებით და უკან გაფრინდა 520 რეისი. ეს მონაცემი რვაჯერ ნაკლებია იმ მოლოდინზე, რომელიც გახსნისას ოკუპირებული ტერიტორიის დეფაქტო ხელისუფლებას და რუსეთს ჰქონდა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს განცხადების მიხედვით, აეროპორტი გადაეწყო “სეზონურ” მუშაობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ რეისების უმეტესობა გაზაფხულამდე გადაიდო.

სეზონზე სოხუმის აეროპორტიდან შესაძლებელი იყო მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში და ხანტი-მანსიისკში გამგზავრება. 25 ოქტომბრიდან აეროპორტის ერთადერთი დანიშნულების პუნქტი მოსკოვი გახდა.

სოხუმის აეროპორტი, აფხაზეთის ომის გამო, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით (ICAO) 1993 წელს დაიხურა. 2023 წლის ივნისში რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი აეროპორტის რეკონსტრუქციაზე შეთანხმდნენ. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, პირველი საცდელი ფრენა მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით 2025 წლის თებერვალში გაიმართა.

პირველ თვითმფრინავს აეროპორტში, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა, ე.წ. ვიცეპრეზიდენტი ბესლან ბიგვავა, ე.წ. პრემიერმინისტრი ვლადიმირ დელბა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო დახვდნენ.

“ტაბულა”

banner
წინა სტატიაშიზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას ეხმაურება
შემდეგი სტატიაკიევის ფოსტაში ამანათი აფეთქდა, 5 ადამიანი დაშავდა