სოხუმელი გოჩა ჟორჟოლიანი – ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ჩინეთის ჩემპიონი

გ.ჟორჟოლიანის გუნდი «შანხაი შენხუა» აზიის ჩემპიონთა თასის მატჩის წინ სამხრეთ კორეის «ილხვას»-თან, 1996 წ.
გ.ჟორჟოლიანის გუნდი «შანხაი შენხუა» აზიის ჩემპიონთა თასის მატჩის წინ სამხრეთ კორეის «ილხვას»-თან, 1996 წ.

ჩინეთში 1990 წლებიდან მოყოლებული ფეხბურთის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ, იქაურ კლუბებში ბევრი უცხოელი ფეხბრთელი თამაშობდა, მათ შორის ქართველები. ერთერთი პირველი იყო სოხუმელი მეკარე გოჩა ჟორჟოლიანი, რომელიც მანამდე საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის გუნდებში გამოდიოდა. ამ სტრიქონების ავტორი მას ჯერ კიდევ მშობლიურ სოხუმში ცხოვრების დროიდან იცნობს, როცა გოჩა ჯერ სოხუმის «დინამოს», შემდეგ «ცხუმის» ღირსებას იცავდა. გოჩა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩინეთის ჩემპიონობა მოიპოვა.
-გოჩა, ბავშვებს შეტევაში თამაში იზიდავს, შენ კი რაც მახსოვს სულ მეკარე ხარ?
-მე დავიბადე სოხუმში 1965 წლის 27 სექტემბერს. სიმაღლეც და ფიზიკური მონაცემებიც მიწყობდა ხელს, მეთამაშა თავდასხმაში(იცინის), თუმცა უფროსმა მეზობლებმა კარში დამაყენეს (იცინის). სოხუმში ვცხოვრობდით ექიმთა სახლში, ახლომდებარე მოედანზე თამაშობდნენ ჩემზე 2-3 წლით უფროსი ბიჭები- მეზობლები, ეზოში ჩემი ასაკის თითქმის არავინ იყო, თამაში კი ძალიან მინდოდა, და მათამაშებდნენ იმ პირობით, თუ კარში ჩავდგებოდი. მათ შორის, ვინც ჩემთან ერთად თამაშობდა, გამოვყოფდი ელგუჯა ბაღათურიას, გოჩა მანიასა და თემურ ადამიას, რომლებმაც ბევრი საინტერესო მასწავლეს ფეხბურთში. 11 წლის რომ გავხდი, სწორედ გოჩა მანიამ მიმიყვანა ფეხბურთის სექციაში, ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ცნობილი სპეციალისტი და შესანიშნავი პედაგოგი ილია ჩიტაია. ერთი წლის შემდეგ ილია ჩიტაიას რეკომენდაციით გადავედი სოხუმის ბავშვთა და ჭაბუკთა სპორტსკოლაში ( «ДЮСШ»), სადაც 4 წელი ვითამაშე. იქ ჩემი მწვრთნელი ცნობილი ფეხბურთელი გენო ზარია იყო, რომელიც მანამდე თამაშობდა სოხუმის «დინამოსა» და ქუთაისის «ტორპედოში».
გენო ბიძიამ ბევრი მასწავლა ფეხბურთში და ცხოვრებაში. მისი გუნდის შემადგენლობაში ვთამაშობდი ჭაბუკთა ტურნირებზე, იმდენად მოსწონდა ჩემი თამაში, რომ 17 წლის ასაკში მიმიყვანა სოხუმის «დინამოში» (1982 წ.), რომლის მწვრთნელები იყვნენ ნიაზ ძიაფშიპა, გიორგი გრამატიკოპულო და ირაკლი ქოიავა.
-იმ დროს ხომ სოხუმის «დინამოს»გამოცდილი მეკარე გურგენ ბენიძე ჰყავდა?
– დიახ, 26 წლის გურგენი მთავარი მეკარე იყო. რასაკვირველია, მე პირველ ორ სეზონში ძალიან იშვიათად მიწევდა თამაში სსრკ ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩებში – როცა გურგენი ავად იყო ან ტრავმა ქონდა. მახსოვს, ჩემი სადებიუტო მატჩი სსრკ ჩემპიონატის მეორე ლიგაში-გასვლითი შეხვედრა სტეპანაკერტში «ყარაბაღთან». აგრეთვე, მიწევდა თამაში როცა სოხუმის «დინამო» ატარებდა ამხანაგურ მატჩჩებს ან სხვადახვა ტურნირების შეხვედრებს, კერძოდ ვცსპს-ის საკავშირო ტურნირს. გურგენი სულ მამხნევებდა, მასწავლიდა და მარიგებდა. გუნდში ყოფნის მესამე სეზონში (1984 წ) ცოტა უფრო ხშირად მათამაშებდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. იმ წლებში სოხუმის «დინამოში» თამაშობდნენ ნიჭიერი და წარმატებული ფეხბურთელები – ალქაზ ქანთარია, ბესლან ნანბა, მახო ქავთარაძე (ფეხბურთელის ნოდარ ქავთარაძის მამა) , იური ლოგუა, მერაბ გოგოხია, ნუგზარ ხოშტარია, დაურ ახვლედიანი, ზაურ მელია, ოთარ გადელია, ალექსანდრე გუბარი, სოსო მალანია.
1985 წლის დასაწყისში ამიყვანეს როსტოვის «სკა» დუბლებში, მე 19 წლის ვიყავი, როსტოველთა გუნდში რეკომენდაცია ცნობილმა სოხუმელმა ფეხბურთელმა, საკავშირო კატეგორიის მსაჯმა, შემდეგ კი წარმატებულმა მენეჯერმა გურამ გაბესკირიამ ( 1947-1993) გამიწია. როსტოვის გუნდში სამი სეზონი ვიყავი(1985-1987 წწ ), დიდი გამოცდილება მივიღე.

გ. ჟორჟოლიანი და «შანხაი შენხუას»კაპიტანი და ბომბარდირი ფან ზი, 1995 წ.

– როსტოვის «სკა» სსრკ 1985 წელს უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, გუნდში იყვნენ ნაკრების წევრები.
– იმ დროს როსტოვის «სკა» გუნდში თამაშობდნენ სსრკ ნაკრების ფორვარდი სერგეი ანდრეევი, გამოცდილი და ცნობილი ფეხბურთელები ალექსანდრე ტარხანოვი, ალექსანდრე ვორობიოვი, არმენ სარქისიანი, ვალერი გლუშაკოვი, ბადრი სპანდერაშვილი.ჩემი გუნდში მისვლის დროს მთავარი მწვრთნელი ანატოლი პოლოსინი იყო, შემდეგ გერმან ზონინი, ვლადიმერ ფედოტოვი, პაველ გუსევი. მეკარეები იყვნენ სტანისლავ რუდენკო და ალექსანდრე ბალახნინი, შემდეგ ხასან ბიჯიევი. მე ვმეგობრობდი ა. ბალახნინთან, ს. ანდრევთან. ა. სარქისიანთან, ხ. ბიჯიევთან და მარატ კაბაევთან.
-ეს ის კაბაევია, რომლის უფროსი გოგო ალინა 2004 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი, ევროპის და მსოფლიო მრავალგზის ჩემპიონია, ეს ის მარატ კაბაევია, რომელიც ბოლო 15 წელი ძალიან ცნობილი ადამიანია?
– დიახ, სწორედ ის მარატია. მარატი ეროვნებით თათარია, დაიბადა და გაიზარდა უზბეკეთში,1980-1985 წწ თამაშობდა ტაშკენტის «ფახთაკორში», რამდენჯერმე ითამაშა სსრკ ახალგაზდრულ და ოლიმპიურ ნაკრებში, 1986 წელს ითამაშა როსტოვის «სკაში». ამ გუნდში იმიტომ აღმოჩნდა, რომ „ფახთაკორში“თამაშიარ ნიშნავდა ავტომატურად საბჭოთა ჯარიდან განთავისუფლებას ( «ფახთაკორის» ლეგენდარული ფორვარდი ბერადორ აბდურაიმოვი 1969 წელს ჯარში გაიწვიეს -მსახურობდა მოსკოვის «ცსკას» გუნდში 1969-1970 წწ – ავტ.). იმ დროს მას ყავდა ერთი შვილი ჰყავდა (ალინა- მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი). იმდროინდელი კანონებით, ჯარიდან ათავისუფლდებენ იმ შემთხვევაში თუ წვევამდელს ორი შვილი ყავდა. მარატი რომ გაიწვიეს ჯარში (1986 წ. გაზაფხული) მისი მეუღლე მეორე შვილს ელოდებოდა ხოლო, როცა მეორე შვილი (ისიც გოგო) შეეძინათ, მარატი ჯარიდან განთავისუფლდა. თუმცა, ფორმის შესანარჩუნებლად სეზონის ბოლომდე ითამაშა როსტოვის გუნდში. 1987 წელს ის კვლავ «ფახთაკორში» იყო, გახდა გუნდის ბომბარდირი. ერთი პერიოდი «დნეპრშიც» იყო, შემდეგ თამაშობდა ისრაელის, ყაზახეთისა და უზბეკეთის გუნდებში, ასევე მუშაობდა მწვრთნელად,2011 წლიდან ცხოვრობს ყაზანში.
როსტოვის გუნდში ყოფნისას მე მასთან ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყო, ეს ხომ უმაღლესი, შემდეგ კი (1986-87) -პირველი ლიგის გუნდი იყო. მე კი 20-21 წლის ვიყავი. ვთამაშობდის «სკა» დუბლებში, ძირითად შემადგენლობაში კი სულ რამდენიმეჯერ – ამხანაგურ და ოფიციალურ მატჩებში ვითამაშე, როსტოვის გუნდში კი დიდი გამოცდილება მივიღე.

1990 წ., სოხუმის «ცხუმი»

-1988 წელს სოხუმში დაბრუნდით. რუსეთის სხვა გუნდებმა თუ მიგიწვიეს როსტოვიდან წამოსვლის წინ?
-კი, იყო რამდენიმე წინადადება, ყველაზე კონკრეტული და კარგი იყო სსრკ პირველი ლიგის ერთერთი სტაბილური გუნდისგან- იაროსლავლის «შინიკისგან». მე 22 წლის ვიყავი, კმაყოფილი ვიყავი ასეთი მიწვევით, ბევრი ფიქრის შემდეგ უარი ვუთხარი «შინიკს» და გურამ გაბესკირიას თხოვნას დავთანხმდი – დავბრუნდი მშობლიურ სოხუმში, «დინამოში». სამი წელი ვიყავი როსტოვში, მენატრებოდა სოხუმი, მითუმეტეს 1988 -1989 წწ სოხუმის «დინამო» საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. 1988 წელს ვიყავით სსრკ ჩემპიონატის მეორე ლიგის ჩვენი (9 ) ჯგუფის ერთერთი ლიდერი, 1989 წელს კი დავიკავეთ პირველი ადგილი ჯგუფში, შემდეგ მოვიგეთ გადასასვლელი მატჩები და მოვიპოვეთ უფლება გვეთამაშა სსრკ ჩემპიონატის პირველ ლიგაში. 1990 წლის მარტიდან სამი სეზონი ვითამაშე სოხუმის «ცხუმში»-საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთერთ წამყვან გუნდში, «ცხუმი» ორჯერ გავიდა ეროვნული თასის ფინალში (1990,1992), გახდა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (1992 წლის მაისი) და თბილისის «დინამოსთან» ერთად უეფასგან ევროპის საკლუბო ტურნირებში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, თუმცა 1992 წლის ივლისში საქართველოში „რთული სიტუაციის“ მოტივით იმ წელს უეფამ არ მისცა ჩვენ გუნდებს ევროტურნირებზე თამაშის უფლება, თუმცა წინასწარ განაცხადში ვიყავით.
1993 წლის შემოდგომიდან ვთამაშობდი უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდში «ტემპ» შეპეტოვკა, ჩემთან ერთად ამ გუნდში «ცხუმის» ფეხბურთელები მცველი გიორგი ჩიხრაძე და ნახევარმცველი იური გაბესკირია და რამდენიმე ფეხბურთელი საქართველოს სხვა კლუბებიდან იყვნენ – ავთანდილ და ტარიელ კაპანაძეები, ნიაზ ბრუნჯაძე და კიდევ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელები… ჩემი დებიუტი უკრაინის უმაღლეს ლიგაში 1993 წლის ოქტომბერში-დონეცკის «შახტართან» მატჩში შედგა, 1 წელიწადზე მეტი ვითამაშე შეპეტოვკის გუნდში.
-შემდეგ თქვენ ჯერ პეტებურგში, მერე კი ჩინეთში აღმოჩნდით.
– 1995 წლის დასაწყისში ერთ თვეზე მეტი ვიყავი პეტერბურგის «სმენა-სატურნში»,ჩემპიონატის წინა შეკრება გუნდთან ერთად დაგომისში(სოჭთან) გავიარე. პეტერბურგის ეს გუნდი რუსეთიის პირველ ლიგაში გამოდიოდა, გუნდში თამაშობდნენ «ზენიტიდან» წამოსული რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი. დაგომისში რამდენიმე ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, მე ძირითად შემადგენლობაში კარგ ფორმაში ვიყავი. პიტერში ჩამოვიდნენ ჩინეთის ერთერთი უძლიერესი გუნდის «შანხაი შენხუას» წარმომადგენლები, მათ ქონდათ სურვილი წაეყვანათ რამდენიმე ფეხბურთელი. იმ დროს «სმენა -სატურნის» ერთერთი მენეჯერი სოხუმელი ირაკლი გეგეჭკორი იყო. ჭაბუკობაში მასთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს სოხუმში. ირაკლის ვუთხარი, რომ გაეშვა ჟორჟოლიანი ჩინეთში. იმ დროს რუსეთში ბევრი მიზეზის გამო არ მინდოდა დიდი ხანი გაჩერება, ჩინეთი კი უცხო და საინტერესო იყო ჩემთვის, ახალი გამოწვევა. ჩემს გარდა პიტერის გუნდიდან ჩინეთის კლუბში წამოვიდნენ ალექსანდრე ზახარიკოვი და ვლადიმერ ნახრატოვი.1995 წელს ჩვენი გუნდი «შანხაი შენხუას» ჩინეთის ჩემპიონი გახდა, მე ჩინეთის იმ წლის საუკეთესო მეკარედ მაღიარეს.

1994 წელი, შეპეტოვკის «ტემპის» გუნდი ერთერთი მატჩის შემდეგ

– რთული იყო ჩინეთის რეალობებთან და ტრადიციებთან მიჩვევა?
– მანამდე ბევრი მქონდა წაკითხული ჩინეთზე, მიყვარდა კითხვა. ჩემთან ერთად იქ ხომ ორი პეტერბურგელი თანაგუნდელი იყო. რამდენიმე კვირაში შანხაიში ჩამოვიყვანე მეუღლე ნატო კოკაია და ხუთი წლის ბიჭი თემური( თემური ტრაგიკულად გარდაიცვალა თბილისში 2003 წ.-ავტ.) შანხაიში ჩვენ ვცხოვრობდით გუნდის მიერ დაქირავებულ სამოთახიან ბინაში,შანხაიში მაყურებლები და გუნდელები თბილად გვექცეოდნენ. ჩინელები სტუმართმოყვარე ხალხია, ჩემს მიმართ კი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ.

-მიზეზი რა იყო?
-მათ იცოდნენ, საქართველოდან ვიყავი, მათვის, განსაკუთრებით უფროსი თაობისთვის, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანა იყო იოსებ სტალინის გამო, რომელსაც მათი უმრავლესობა აღმერთებდა. ჩემი ჩინეთში ყოფნის დროს ადგილობრივი ტელევიზიები საკმაოდ ფართოდ აშუქებდნენ ყოფილი სსრკ რესპუბლიკების ცხოვრებას, მათ შორის საქართველოს ცხოვრებას. იმ დროს ინტერნეტი დღევანდელი გაგებით არ იყო, ბევრს ვერაფერს ვერ ნახავდი იქ საქართველოზე, ინფორმაციებს ვღებულობდი ტელევიზიით, ჩინეთის ტელევიზია კვირაში ერთხელ გადასცემდა მასალებს ყოფილი სსრკ რესპუბლიკების ფეხბურთის ჩემპიონატებზე, მათ შორის საქართველოს ჩემპიონატზე. ვკითხულობდი ჩინეთში მოსკოვის გაზეთ «სპორტ- ექსპრესს», სადაც იმ დროს ბევრი მასალა იბეჭდებოდა საქართველოზე,მათ შორის მამუკა კვარაცხელიასა და თენგიზ პაჭკორიას სტატიები.
რაც შეეხება ჩინეთის ტრადიციებთან მიჩვევას, ეს იოლი არ იყო, თუმცა როგორც ფეხბურთელს, მაინც და მაინც არ გამჭირვებია. რამდენიმე თვეში ჩინური ენაც შევისწავლე, სასაუბრო ენა, რაც მიადვილებდა ურთიერთობას ადგილობრივებთან. შანხაის გუნდში ჩემი იქ ყოფნის პირველ სეზონში პეტერბურგელები ზახარიკოვი და ნახრატოვი თამაშობდნენ, მეორე წელს კი სამი ფეხბურთელი საფრანგეთიდან- ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პერესი, ფორვარდი გარსია და მცველი ბრე. ლეგიონერები ძალიან ვმეგობრობდით. ჩინეთის უმაღლეს და პირველ ლიგაში 1996 წელს თამაშობდნენ აგრეთვე ტყვარჩელელი რომეო გოგიტაძე ( «პუდონი»), სოხუმელი სოსო მალანია («შიამინი»), მოგვიანებით კი -1998 წელს გაგრელი გიორგი ჩიხრაძე და გუდაუთელი ახრიკ ცვეიბა (გუნდ «ციანვეის» შემადგენლობაში გახდნენ ჩინეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები – ავტ.). ჩინეთის გუნდებში იყვნენ ლეგიონერები არგენტინიდან, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებიდან. ჩინეთში იყო ფეხბურთის ბუმი, მატჩებს ესწრებოდა 50-60 ათასი მაყურებელი.. «შანხაი შენხუას» ბომბარდირი და კაპიტანი იყო ცნობილი ფეხბურთელი ფან ზი, რომელიც შემდგომში თამაშობდა ინგლისის «კრისტალ პალასსა» (1998-2000) და შოტლანდიის «დანდიში» (2001-2002).
-1996 წელს შანხაიში ჩამოვიდა »მილანი», თქვენ ითამაშეთ ხომ იმ მატჩში?
– “მილანი” ჩამოვიდა უძლიერესი შემადგენლობით, თუმცა «შანხაის» გუნდმა მაყურებლების სუპერმხარდაჭერით დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ვითამაშე 90 წუთი, ერთადერთი გოლო იტალიელემბა მატჩის ბოლოს გაგვიტანეს.

-1996 წელს თქვენი გუნდი გამოვიდა აზიის ჩემპიონთა თასზე.
– პირველ ტურში ჩვენ გავანადგურეთ “ჰონკონგი” 7:1 სახლში და 2:1 სტუმრად. შემდეგ შევხვდით სამხრეთ კორეის უძლიერეს გუნდს “ილხვას”, რომელმაც გასულ სეზონში აზიის ჩემპიონთა თასი და აზიის სუპერთასი მოიგო. “ილხვა” იყო იმ დროის აზიის უძლიერესი გუნდი, მის კარს იცავდა მოსკოვის „ტორპედოს“ და ცსკა-ს ყოფილი მეკარე ვალერი სარიჩევი. პირველი მატჩი სტუმრად ფრედ დავასრულეთ 0:0, სახლში კი 87 წუთზე გაგვიტანეს ბურთი და წავაგეთ.

-გ.ჟორჟოლიანი სოხუმის ბავშვთა და ჭაბუკთა სპორტსკოლის გუნდში,1981 წ.

– გთავაზობდნენ ჩინეთის მოქალაქეობას?
– როცა ვთამაშობდი «შანხაი შენხუაში» ( 1995-1996 წწ ) იყო ასეთი წინადადება. ეს აწყობდათ ორი მიზეზის გამო: 1 – აღარ მექნებოდა ლეგიონერის სტატუსი, რაც საშუალებას მისცემდა კიდევ ერთი ლეგიონერი მოეწვიათ; 2- ჩინეთის ნაკრებს მიეცემოდა საშუალება მიეწვიათ ჟორჟოლიანი. 1995 წელს ჩინეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დამასახელეს. 1995 წლის ბოლოს ვითამაშე ჩინეთის სამხრეთის კლუბების ნაკრებში ჩინეთის ჩრდილოეთის გუნდების ნაკრებთან-ეს «ვარსკლავთა მატჩი» იყო. მაგრამ არ მინდოდა ჩინეთის მოქალაქეობის მიღება, 30 წლის ვიყავი და კიდევ მქონდა იმედი და სურვილი, ჩინეთის ჩემპიონატში წარმატებული თამაშის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიმიწვევდნენ -ამხანაგურ მატჩზე მაინც, ეს ჩემი ოცნება იყო. 1997 წლის დასაწყისში შევიტყვე, რომ საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დავით ყიფიანმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იცის ჩინეთში ჟორჟოლიანის წარმატებულ თამაშზე და აპირებს მის მოწვევას ნაკრებში. ეს მეგობრებისგან და პრესიდან გავიგე. სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო მაშინ არ გამომიძახეს ნაკრებში, იმ წელს მე ჩინეთის სხვა გუნდში კლუბ «გუანჯოუში» ვთამაშობდი, რომელმაც უკეთესი პირობები შემომთავაზა, ვიდრე «შანხაი შენხუამ». ცოტა ხანში ტრავმა მივიღე, წლის ბოლოს კი საქართველოში დავბრუნდი და ჩინეთში აღარ წავსულვარ.
1998 წელს დავიწყე თამაში რუსეთის «ჩკალოვეც» ნოვოსიბირსკის გუნდში, იქ კარგად მიმიღეს,«ჩკალოვეცში» მაღალი ავტორიტეტი ჰქონდა გუნდის ვეტერანს, ზუგდიდელ მურთაზ ნაჭყებიას. რამდენიმე თვეში კი გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და სამშობლოში დავბრუნდი. ცოტა ხანი ვითამაშე თბილისში აღორძინებულ სოხუმის «ცხუმში». მერე კი დაიწყო ჩემი სამწვრთნელო მუშაობა. ამჟამად ვარ მარნეულის «ალგეთის» მწვრთნელი. მე,ჩემი მეუღლე ნატო, 16 წლის შვილი ლუკა, ახლობლები და მეგობრები ვცხოვრობთ სოხუმში დაბრუნებისა და საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების იმედით.

თენგიზ პაჭკორია,აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა