25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

სოხაძე: წალენჯიხაში პროგრესი გვაქვს და მოსახლეობას კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, სამუშაო ვიზიტით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მინისტრმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა.

როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტიქიის შედეგად შექმნილ პრობლემებსაც, რომელთა გადასაჭრელად სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა.

„დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერეთ. მათ შორისაა საგზაო და სასკოლო ინფრასტრუქტურის პროექტები, რომლებიც აქტიურად ხორციელდება. ასევე გავეცანით მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის სტიქიის შედეგად წარმოშობილ პრობლემებს. შესაბამისი საკითხების მოსაგვარებლად სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა და დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. გვაქვს პროგრესი და უახლოეს პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში რევაზ სოხაძემ დაათვალიერა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მინისტრის ინფორმაციით, ობიექტზე სამუშაოების ტემპი და ხარისხი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს, მათ შორის კომპანიის შეცვლის შესაძლებლობასაც.

მინისტრი ასევე იმყოფებოდა სოფელ ლიაში, სადაც ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების სტრატეგიული ობიექტი მოინახულა. არსებული რვა ჭაბურღილი ქალაქ ჯვარს სასმელი წყლით ამარაგებს, თუმცა ენგურის წყლის დონის მატებისას ტერიტორია პერიოდულად იტბორება. პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით დაგეგმილია ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას დაიცავს და ქალაქ ჯვრის მოსახლეობისთვის უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

რევაზ სოხაძე ასევე ეწვია ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის ახალ შენობას, სადაც დასრულების შემდეგ მიმდინარეობს მიღება-ჩაბარებამდე აუცილებელი საბოლოო სამუშაოები. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მინისტრი შეხვდა წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებსაც, სადაც 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირების მიმდინარე ეტაპი წარადგინა. მისი ინფორმაციით, დასრულებულია ესკიზური პროექტი და ამჟამად მეორე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც, მათ შორის სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა, სოფელ საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის დასრულებული პროექტი, 250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება, ქალაქის სტადიონის რეაბილიტაცია, ტერენტი გრანელის სახელობის პარკისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა.

რევაზ სოხაძეს წალენჯიხაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახლდნენ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიღწევები და პროგრესი სამართლიანად, პროგნოზირებადი მიდგომის საფუძველზე და თანმიმდევრულად უნდა შეფასდეს
შემდეგი სტატიარევაზ სოხაძემ წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა