სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ მამა-შვილი ნიჟარაძეების სახლის თვალთვალის დავალება ხელმძღვანელობისგან მიიღო

მამა-შვილი ნიჟარაძეების ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა.

მოწმე ნიკოლოზ საბაშვილმა მოყვა თუ რა დავალება მიიღო 2010 წელს მისი მაშინდელი ხელმძღვანელის გიორგი ქემოკლიძისგან.

“აღნიშნული ღონისძიება იყო გასაიდუმლოებული, მითხრეს, რომ წავსულიყავი მისამართზე, კითხვა არ უნდა დამესვა. სახლის ჭიშკართან რომ მივედით, ქემოკლიძემ მითხრა გავჩერებულიყავი, თვითონ სახლში შევიდა. ჭიშკართან უნდა ვმდგარიყავი და ნებართვის გარეშე არავინ შემეშვა. მეორე დღეს მე სახლში ავედი, თვალი მოვკარი ერთ მამაკაცს და დავინახე ასევე ქალბატონიც. არ ვიცოდი, ვისთან ვიმყოფებოდი, მერე ტელევიზორში აჩვენეს თამაზ ნიჟარაძის მანქანა ააფეთქესო, მივხვდი, ის კაცი რომ ვნახე თამაზ ნიჟარაძე იყო”, – განაცხადა ნიკოლოზ საბაშვილმა.

ადვოკატის მიერ მოწმისთვის დასმულ კითხვაზე იყო თუ არა ამ ოპერაციის დროს ნახსენები დავით კეზერაშვილი, სოდ-ის თანამშრომელმა თქვა, რომ მას ამის შესახებ არ გაუგია.

პროკურატურის ცნობით, სპეცრაზმი გამოყენებული იქნა ბიზნესმენზე ზეწოლის მოხდენის მიზნით.

დავით კეზერაშვილს მამა-შვილი ნიჟარაძეების ქონების იძულებით გადაფორმების ბრალდება აქვს წაყენებული.

პროკურატურის ცნობით, დავით კეზერაშვილმა 2010 წელს იძულებით და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დაათმობინა. ფოთის პორტში ნიჟარაძეების ბიზნეს აქტივები კი კეზერაშვილმა მის კუთვნილ კომპანიებზე გადააფორმებინა. გამოძიების ცნობით, საუბარია ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონებაზე.
სასამართლო განხილვა 8 ნოემბერს დანიშნულ პროცესზე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმორიგი ვიდეომასალა სოხუმიდან
შემდეგი სტატიათამარ კორძაია: ნარჩემაშვილსა და წერეთელს შორის, მე წერეთელს ავირჩევდი