სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, სასამართლოს განცხადებით მიმართა და დავის განხილვის ვადით, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მიერ სამუშაოების შეჩერება მოითხოვა

სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ გასულ წელს მიიღო მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონის, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო პირისთვის იჯარით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და კომპანიის შესარჩევად, აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში გაიმარჯვა კომპანიამ „კანიონი 350“, რომელთანაც სააგენტომ ხელშეკრულებაც გააფორმა. ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, კანიონის ტერიტორიაზე მოაწყოს „ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას.“

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ისინი ინფორმირებული არ ყოფილან და კანიონის კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა.

ადგილობრივები მიუთითებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ინტერესების გაუთვალისწინებლობაზე (არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, რაც მომავალში მათ კანიონის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ დაშვების გარანტიას მისცემდა) და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებენ, სააგენტოს გადაწყვეტილების მართებულობას, რომლითაც ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე როლერის ატრაქციის მოწყობა დასაშვებად იქნა მიჩნეული და უპირატესობა არ მიენიჭა დაცული ტერიტორიის ბუნებრივი გარემოს ხელუხლებად შენარჩუნების ინტერესს, რაც ლოგიკური იქნებოდა ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ერთი მხრივ, იქ არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვაში, ხოლო მეორე მხრივ, ბუნებრივ გარემოში ტურიზმისა და რეკრეაციის ხელშეწყობაში მდგომარეობს.[1]

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამორიცხვით, უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები. ორჰუსის კონვენცია, რომელიც საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოა, ადგენს რომ „დაინტერესებული საზოგადოება ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური შეტყობინების მეშვეობით (გარემოებათა გათვალისწინებით) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე.“[2] ადამიანის უფლებათა სტანდარტები მოითხოვს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შეტყობინების „ეფექტურობას“. სახელმწიფო უწყებებმა ძალისხმევა უნდა გასწიონ საიმისოდ, რათა შეტყობინებამ არამხოლოდ მიაღწიოს ადრესატამდე, არამედ გაგებულ იქნას მისი შინაარსი და მნიშვნელობა, წახალისდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას მოითხოვს დაცული ტერიტორიების მარეგულირებელი დარგობრივი კანონმდებლობაც. კერძოდ, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების, შემცირებისა და გაუქმების გადაწყვეტილებების, მენეჯმენტის გეგმების, ადმინისტრაციების დებულებებისა და სხვა დოკუმენტების განხილვისა და შესწორების პროცესში“. ამასთან, საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა, მიუთითებს, რომ აუცილებელია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა დაცული ტერიტორიების დაგეგმვასა და მართვაში.[3]

მოცემულ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც დაგეგმილი საქმიანობა ყველაზე მეტად შეეხება და რომელიც უშუალო და პირდაპირ გავლენას განიცდის ბუნების ძეგლის იჯარით გადაცემის შედეგად, არათუ არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა, რომ სააგენტო ბალდის კანიონის კერძო კომპანიისთვის გადაცემას აპირებდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებული სტრატეგიული ხედვის საწინააღმდეგოდ.

არანაკლებ პრობლემურია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიას ენიჭება სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის უფლება, რაც მისთვის ტერიტორიის გადაცემის და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, წინასწარ განსაზღვრული არ არის. ასევე, მას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანოს გადაცემულ არქიტექტურულ პროექტში, რაც გულისხმობს მისი შეხედულებისამებრ და მხოლოდ სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“ შეთანხმებით, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების და პროცესის საჯაროობის და მასში დაინტერესებულ პირთა ჩართვის უზრუნველყოფის გარეშე.

როგორც აღინიშნა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით და იგი გადაწყვეტილების მიღების რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას და მათი მოსაზრებების გათვალისწინებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბრძანებაში არსებული ჩანაწერი, რომელიც კომპანიას მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებით, პროექტში განუსაზღვრელი ცვლილებების შეტანის უფლებას ანიჭებს, პრაქტიკულად აზრს უკარგავს მონაწილეობის და კონსულტაციის მექანიზმს.

მიგვაჩნია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ბუნების ძეგლის განკარგვის პროცესი ააშკარავებს იმ სისტემურ და ფუნდამენტურ ჩავარდნებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს ახასიათებს საქართველოში. ეს ჩავარდნები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სექტორით და თანაბრად პრობლემურია წიაღისეულის მოპოვების, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ურბანული განვითარების და დაცული ტერიტორიების მართვის თაობაზე სხვადასხვა უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ადგილობრივების უფლებების და ინტერესების სრული უგულებელყოფით წარიმართება.

ბოლო პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გარემოსდაცვითი წინააღმდეგობის გახშირებული შემთხვევები აჩვენებს, რომ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც ადგილობრივების მონაწილეობას უნდა უზრუნველყოფდეს, არაეფექტურია და ხშირად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი – ადგილობრივების ჩართვის ფორმალური მცდელობებსაც ვერ ვხედავთ, როგორც ეს ბალდის კანიონის შემთხვევაში მოხდა.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ფუნდამენტურად გადაიხედოს ადამიანის უფლებების ნორმებთან და გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპებთან შეუსაბამო არსებული პოლიტიკა და ყველა ცალკეულ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივი თემის მონაწილეობა და მათი ინტერესების გათვალისწინება საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში”,- ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშისუს-ში ადასტურებენ, რომ ოთარ ფარცხალაძე უწყებაში იყო დაბარებული და ის სუს-ში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიამედიაპროექტი „გოგონები აფხაზეთიდან“ მშვიდობის ჯილდოს მფლობელი გახდა