“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (ყოფილი EMC) ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს ღიად ქალთმოძულე, დამამცირებელ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ეხმიანება

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (ყოფილი EMC) ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს ღიად ქალთმოძულე, დამამცირებელ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ეხმიანება. ორგანიზაცია წერს, რომ მეუფე სტეფანეს განცხადებები დედა სოსანას მიმართ ეკლესიაში მონაზვნებისთვის დაუცველ გარემოს ქმნის და განსხვავებული მოსაზრების გამო სასულიერო პირების შევიწროების სავარაუდო პრაქტიკას ასახავს.

SJC მოუწოდებს სინოდსა და საპატრიარქოს რომ შექმნას მონაზვნებისა და სხვა ქალი ღვთისმსახურების სოციალური და შიდა სამართლებრივი დაცვის სამსახურები, რომელიც შევიწროების შემთხვევაში მათი ინტერესების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებს შექმნის.

“განსაკუთრებული საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა მონაზონი სოსანა ბოლქვაძისა და მორჩილი ნინო გამყრელიძის მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხვის ფაქტს, რომელიც მკვეთრად აგრესიული, დამამცირებელი და ქალთმოძულე შინაარსით და ფორმებით მოხდა. […]

სამწუხაროდ, ამ დრომდე მომხდარზე სინოდს, მის წევრებსა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს განცხადებები არ გაუკეთებიათ და მიტროპოლიტი სტეფანეს პრობლემური გადაწყვეტილების არც კრიტიკული შეფასება და არც შეჩერება არ მომხდარა. ეს დუმილი და ზოგიერთ შემთხვევაში მხარდაჭერა (მაგალითად, იხილეთ, საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადება, პატრიარქის მდივნის, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის განცხადება), საპატრიარქოს მხრიდან ეპარქიის წევრების დასჯაზე და შევიწროებაზე მიმართული პრაქტიკის შეწყნარებაზე უფრო მეტყველებს”, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებენ ეკლესიის შიდა ავტონომიისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის პრინციპს. ისინი მოუწოდებენ:

სინოდსა და საპატრიარქოს

საეკლესიო სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს მიტროპოლიტი სტეფანეს გადაწყვეტილებებს და ღიად ქალთმოძულე და დამამცირებელ განცხადებებს და სინოდმა იმსჯელოს ჭყონდიდის ეპარქიაში მის მოღვაწეობის შესაბამისობაზე საეკლესიო წესებთან;

საპატრიარქოს შიგნით შეიქმნას მონაზვნებისა და სხვა ქალი ღვთისმსახურების სოციალური და შიდა სამართლებრივი დაცვის პოლიტიკა და სამსახურები, რომელიც მათ შევიწროების და დაუცველობის შემთხვევებზე მიმართვისა და უფლებებისა და ინტერესების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებს შეუქმნის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს)

დედა სოსანას და მორჩილი ნინოს მიმართ მიმდინარე მოვლენებს გაუწიოს მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, მათ სოციალური დაცვისა და სათანადო საცხოვრისის გარანტიები შეუქმნას.

banner
წინა სტატიაშიმწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადავით ქაცარავა: რიონის ხეობის მცველებიდან ერთ-ერთი უკვე პოლიციამ დააკავა