5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: 10 წელში საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა გაორმაგებულია

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) საქმისწარმოების მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

სტატისტიკა მიუთითებს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს დეფიციტზე, რაც მოქალაქეებს აიძულებს სიმართლე სტრასბურგში ეძებონ.

ორგანიზაციის ცნობითვე, 2017 წლიდან საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა სტაბილურად იზრდებოდა და 2025 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ასე მაგალითად თუ 2016 წელს 74 საჩივარი გაიგზავნა, 2025 წელს ეს რიცხვი 197-მდე გაიზარდა.

ასევე გაზრდილია მიმდინარე საქმეების რაოდენობაც, 2022 წელს არსებული 155 საქმიდან, 2025 წლისთვის წარმოებაში მყოფი საქმეების რაოდენობა 227-მდე არის გაზრდილი.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმისწარმოების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში შექმნილი ადამიანის უფლებათა კრიზისი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ხელისუფლების მიერ ამ გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკაში უკვე ისახება (ცხადია, რომ 2024-2025 წლებში ადამიანის უფლებათა დარღვევის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია).

ამ მაჩვენებლების ზრდა მეტყველებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლო და სისხლის სამართლის სისტემების არარსებობა მსხვერპლებს აიძულებს, დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით ევროპულ სასამართლოს უფრო და უფრო მეტად მიმართონ, როგორც სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელ და საბოლოო შესაძლებლობას.

მაგალითად, 2017 წლიდან ფიქსირდება საქართველოს წინააღმდეგ საჩივრების რაოდენობის აშკარად მზარდი ტენდენცია. კერძოდ, 2016 წელს საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილი 74 საჩივარი გადაეცა სასამართლო ფორმირებებს, ხოლო მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი თანდათან გაიზარდა და 2025 წელს 197 საჩივარს მიაღწია, რაც მიუთითებს, რომ 2016 წლის შემდეგ საჩივრების რაოდენობა ორჯერ და მეტად არის გაზრდილი.

სასამართლო დანაყოფებისთვის გადაცემული საქმეების ზრდის პარალელურად, იზრდება საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების რაოდენობაც. მაგალითად, მაშინ როდესაც 2022 წელს ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 155 მიმდინარე საქმე იყო, 2025 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 227 საქმეს შეადგენდა.

ბოლო წლებში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მთავრობისთვის დაკომუნიცირებული საჩივრების რაოდენობა. თუ 2021 წელს სასამართლომ დააკომუნიცირა 23 საჩივარი, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 38-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 50-ს მიაღწია. დაკომუნიცირებული საქმეების ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიანიშნებს, რომ სასამართლო საჩივრებს საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს მათი არსებითად განსახილველად.

არანაკლებ მწვავე პრობლემად რჩება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა, რაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არ ავლენს საკმარის პოლიტიკურ ნებას სხვადასხვა სფეროში აუცილებელი სისტემური და სტრუქტურული რეფორმების გასატარებლად.

ევროპული კონვენციის რატიფიცირებიდან დღემდე საქართველოს წინააღმდეგ მიღებულია დაახლოებით 200 გადაწყვეტილება, თუმცა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ზედამხედველობა მხოლოდ 125 საქმეზე დახურა (61.5%), რაც ნიშნავს, რომ დანარჩენი საქმეები კვლავ მიმდინარეა. ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ბოლოა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის და ბოლოდან მეოთხე ადგილს იკავებს.

2025 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული და აღუსრულებელი მიმდინარე საქმეების რაოდენობა 78-ს შეადგენდა. მათგან 48 საქმე ექვემდებარება გაძლიერებულ ზედამხედველობას, ხოლო 29 – სტანდარტულს. გაძლიერებული ზედამხედველობა მიუთითებს, რომ საქმეები სისტემურ და ფართომასშტაბიან პრობლემებს ეხება და მათი გადაწყვეტა კომპლექსურ ნაბიჯებს მოითხოვს.

ბოლო წლებში ასევე იზრდება გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი წამყვანი საქმეების რაოდენობა: თუ 2021 წელს ასეთი საქმეების რაოდენობა 5 იყო, 2026 წლისთვის იგი 10-მდე გაიზარდა, რაც აჩვენებს, რომ სისტემური პრობლემების არეალი ფართოვდება.

საგულისხმოა ზედამხედველობის ხანგრძლივობაც. გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი წამყვანი საქმეებიდან 5 საქმეზე ზედამხედველობა უკვე 5 წელზე მეტია მიმდინარეობს, ხოლო სტანდარტული ზედამხედველობის ქვეშ არსებული 9 საქმეზეც იგივე მდგომარეობაა. ეს მიუთითებს, რომ არა მხოლოდ სისტემური, არამედ შედარებით ნაკლებად მძიმე პრობლემების მქონე საქმეების აღსრულებაც მნიშვნელოვნად ჭიანურდება”, – აცხადებენ სოციალურ სამართლიანობის ცენტრში.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანგარიში: გასულ წელს ფულის გათეთრებაზე სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს