სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ვაუჩერი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაუქმდება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ვაუჩერი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუქმდება.

თბილისის საკრებულოს ფრაციის „ნაციონალური მოძრაობა- თბილისი“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეთათვის განკუთვნილ კომუნალურ ვაუჩერზე ისაუბრა.

„კომუნალური ვაუჩერი, რომელიც ჩვენ დროს იყო შემოღებული, დენის ტარიფის ზრდის მიუხედავად აბსოლუტურად გაუქმებულია. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ოქტომბერი აინტერესებს ”ქართულ ოცნებას”, არჩევნების შემდეგ მათთვის მნიშვნელოვანი არ არის ქალაქში რა მოხდება. არჩევნების შემდეგ თუნდაც ქვა-ქვაზე არ დარჩენილა. სწორედ ამ პრინციპს ამართლებს ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, როდესაც 700 ათასით გაიზარდა მერის რეკლამირებისთვის გამოყოფილი ხარჯი, როდესაც დაახლოებით 700 ათასით გაიზარდა მერის სარეზერვო ფონდი. ცენტრალურ დონეზე ჩვენ ვხედავთ, რომ 26 მლნ ლარი იხარჯება კონცერტებზე, ანუ ის ფული, რომელიც სოციალურად დაუცველებს უნდა მოხმარებოდა, კონცერტებში და რეკლამებში იხარჯება“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საკრებულოში აბესაძის განცხადებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია გამოეხმაურა. სამუშიამ აბესაძის განცხადებას სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა.

„ეს განკარგულება გულისხმობდა იმას, რომ გადავდიოდით ახალ რეალობაში და ვაუჩერის გაცემის ახალ ფორმაში. თბილისის მერიაში იქმნება სამუშო ჯგუფი, რომელმაც საბოლოოდ უნდა განსაზღვროს რა ფორმით, როგორ მოხდება ვაუჩერის გაცემა“, – აღნიშნა სამუშიამ.

თბილისის მერიამ კომუნალურ ვაუჩერის გაცემის წესში განსახორციელებელი ცვლილება 2 მარტს გამოსცა.

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძე დავით სერგეენკოს: “თქვენი წყალობით, ადამიანებს სანაგვეში აქვთ თავი ჩარგული”
შემდეგი სტატია2014 წელს მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის დეტალები