სოციალურ ქსელში კომენტარის დაწერის გამო ლაშა ჩხარტიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მანამდე, ლეიბორისტული პარტიის წევრი ჟურნალისტებთან ამბობდა:
“სახაზინო ადვოკატიც კი არ დამინიშნეს, ნახევარი პროცესი ჩაატარეს ადვოკატის გარეშე და ძლივს, ნახევრის შემდეგ სხვა ადვოკატის ჩართვის საშუალება მომეცა. თუმცა ვიმეორებ, ადამიანებს სახაზინო
ადვოკატს უნიშნავდნენ საბჭოეთშიც კი. ეს საქართველოს უბოროტესი მტერი უკვე ადვოკატის გარეშეც გვასამართლებს. ამ შემთხვევაში Facebook-ის სხვისი პოსტის კომენტარის გამოც კი მე მედავებიან, სხვათა შორის ეს კომენტარი ჩემია თუ არა, ეს კიდევ დასამტკიცებელია იმიტომ, რომ მე პირადად სულ არ მახსოვს, თუმცა სულისკვეთებას ვიზიარებ ამ კომენტარის, თუმცა ფორმა ცოტა უხეშია, შეიძლება ჩემი სულაც არ იყოს.
ფაქტია, აზრს გამოხატვის გამო ადამიანის დაპატიმრება არის დიქტატურისკენ სრული სვლით დაძვრა”,- თქვა ჩხარტიშვილმა
ჩხარტიშვილის თქმით, საგამოძიებო უწყება მას Faceboook-ზე დაწერილ კომენტარს ედავება, სადაც მან ერთ-ერთ პოსტზე დაწერა, თუ არ შეიძლება არც შუა ქუჩაში დგომა და კრძალავენ ტროტუარზე შეკრებასაც მაშინ სად უნდა გამოხატონ ადამიანებმა პროტესტი.
















