“სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში დასაქმებულები ვკარგავთ პროფესიას”, – ასე ეხმაურება პროფესორი მარინა მუსხელიშვილი განათლების მინისტრის მიერ 13 თებერვლის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები წარადგინა.
მისი თქმით, კვოტების მიხედვით, ილიას უნივერსიტეტის მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 92%-ით მცირდება, რადგანაც ილიაუნი სტუდენტების მიღებას მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე შეძლებს.
“კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აკადემიური საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად. ერთი ნაწილია ზუსტი და ტექნიკური მეცნიერებები, რომელთა პროფესია დიდად არაა დამოკიდებული აკადემიური თავისუფლების არსებობა–არარსებობაზე, მათ შეიძლება დაკარგონ სამსახური ან დაფინანსება, მაგრამ არ დაკარგავენ პროფესიას.
მათგან განსხვავებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში დასაქმებულები ვკარგავთ გაცილებით მეტს –პროფესიას. ხელისუფლების იდეოლოგიური ზედამხედველობით, რომელიც ჯერ მარტო იწყება, ის კვლავ გახდება იდეოლოგია და არა მეცნიერება. უბრალოდ მეცნიერულ მარქსიზმს შეცვლის რაღაც სხვა, მეცნიერული ფაშიზმი დავარქვათ.
ისინიც დაკარგავენ პროფესიას, ვინც ქოცია და იზიარებს მათ იდეოლოგიას, ვინაიდან აზროვნება ასე მოქმედებს – ან ყველასთვის თავისუფალია, ან ყველასთვის მკვდარი.
ახალგაზრდებს არ უცხოვრიათ იმ ეპოქაში, როდესაც ტექსტი იწერებოდა აზრის დასამალად და არა მკაფიოდ სათქმელად – ცენზორის მოსატყუებლად. იმ ეპოქაში მე მათემატიკოსი ვიყავი, იმიტომ რომ კონფორმიზმი არ მეხერხება. თუკი ილიაუნი ვერ დავიცავით, აკადემიური თავისუფლების ადგილები არ დარჩა, რა აზრი აქვს იმაზე ფიქრს, რამდენ სტუდენტს ვასწავლით და რამდენი დაგვაკლდა!” – წერს პროფესორი მარინა მუსხელიშვილი სოციალურ ქსელში.

















