Social Impact Award 2021 იწყება

თიბისიმ და UNDP საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ქალთა ხელშეწყობას ბიზნესის განვითარებაში.

მემორანდუმის ფარგლებში პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა და Impact Hub Tbilisi, თიბისისა და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

Social Impact Award 2021 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროგრამის მეორე ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

Social Impact Award-ის მეშვეობით თიბისი ახორციელებს ბიზნესის მხარდაჭერას ახალგაზრდებში და ხელს უწყობს მათ გაძლიერებას რეგიონებში. თიბისი პროექტში პროგრამა სტარტაპერით მონაწილეობს, რომელიც 2016 წლიდან მხარს უჭერს ახალი და მრავალფეროვანი ბიზნესიდეების ჩამოყალიბებას და განვითარებას საქართველოში.

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ (30 გუნდი) და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

პროგრამა ხორციელდება თიბისის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთში მატარებლების შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა
შემდეგი სტატიაAdidas-ის ყოფილი მფლობელი საფრანგეთში ცემეს და გაქურდეს