Socar Georgia: აზერბაიჯანს შეუძლია სრულად უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობისთვის აუცილებელი გაზის მიწოდება

Socar Georgia კახა კალაძის განცხადებას უარყოფს. Socar Georgia-ს გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს ბუნებრივი აირით მთელი საქართველოს მომარაგება შეუძლია.

“აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისთვის აუცილებელი გაზის მიწოდებას”, – ამბობს მამედოვი.

საქართველოს მთავრობა Gazprom-თან მოლაპარაკებებს აგრძელებს. ენერგეტიკის მინისტრი რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას დეკემბრის ბოლომდე აანონსებს, ამ დროისთვის კი რუსული გაზის ფასი და მოცულობა უცნობია.

კახა კალაძემ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში გაზის მოხმარება იზრდება, ამ გაზრდილ მოხმარებას კი აზერბაიჯანი ვეღარ აკმაყოფილებს, რის გამოც მთავრობამ რუსულ Gazprom-თან დაიწყო მოლაპარაკებები. Socar Georgia-ს ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ყოველდღიურად 5 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, რასაც შაჰ-დენიზის საბადოდან დამატებით ერთი მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ემატება – ეს კი, საერთო ჯამში, დღიურად 6.2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. “ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ მოსახლეობისთვის საჭირო მოცულობებს”, – ამბობს მამედოვი.

საქართველოში მოხმარებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 90% აზერბაიჯანულია, დანარჩენ 10%-ს კი ქვეყანა მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასურად იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 10% პირდაპირ არის დამოკიდებული სომხეთში ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა/კლებაზე. ენერგეტიკის სამინისტრო კი ამ 10%-ის გარდა Gazprom-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს დამატებითი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე.

 

banner
წინა სტატიაშიშეხვდებიან თუ არა მმართველი გუნდის წევრები პრეზიდენტს?
შემდეგი სტატიაარასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებასთან დებატებს ითხოვს