ადვოკატი დავით გირგვლიანი, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება: ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესებს. ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის. თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს, ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე, კრიტიკული ოპონირებისთვის. მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული. სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ“, – წერს გირგვლიანი.
პროკურატურის განმარტებით, სახაზინო ადვოკატი მალხაზ კობაურს მას შემდეგ დაენიშნება, რაც მომდევნო სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ გამოცხადდება და შესაბამისად სხდომა გადაიდება. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით მკვლელობაში ბრალდებულ კობაურს ლორა სმიტთან სექსუალური კონტაქტი ჰქონდა. დასკვნაში ასევე წერია, რომ 4-ი წლის კაელებ სმიტს თოფი მიბჯენით აქვს ნასროლი და თავის ქალა ფრაგმენტირებული იყო. ამერიკელი ცოლ-ქმრის რაინ და ლორა სმიტების, ასევე მათი 4 წლის ვაჟის ცხედრები ხადას ხეობაში 2 კვირის წინ იპოვეს.