სლოვაკი ტუროპერატორები დაინტერესდნენ აფხაზეთის მიმართულებით?

აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ე. წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მეორედ მიიღო მონაწილეობა გამოფენაში “ITF SLOVAKIATOUR”, რომელიც ბრატისლავაში ამა წლის 24-27 იანვარს ჩატარდა.
“ჩვენთვის სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ აფხაზეთს უკვე ყველა იცნობს, რადგანაც პირველად არ ვართ ამ გამოფენის მონაწილეები. ამჯერად ჩვენი პავილიონი ბევრად დიდი იყო ადრინდელზე. იგი მოიცავდა 18 კვ. მეტრს. ჩვენს სტენდთან დიდი აჟიოტაჟი სუფევდა, მნახველები აგემოვნებდნენ ჩვენს პროდუქციას. აფხაზური და სლოვაკური კერძები ერთმანეთს ჰგვანან, ჩვენი აჯიკა კი მათ ძალიან მოეწონათ. სლოვაკებს აინტერესებდათ, არის თუ არა აფხაზური პროდუქციის ექსპორტის ორგანიზების შესაძლებლობა, მათ შორის, აჯიკის” – განაცხადა ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა თამილა მირცხულავამ.
ამ ინფორმაციას აქვეყნებს სოხუმში გამომავალი გაზეთი «Нужная газета», რომლის თანახმად, გამოფენის პირველ დღეს აფხაზური სტენდი მოინახულეს რუსეთის ელჩმა სლოვაკეთში და ამ ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენელმა.
ჟურნალისტთან საუბარში აფხაზეთის ტურიზმის სამმართველოს უფროსმა ინარა დაუროვამ აღნიშნა, რომ სლოვაკი ტურისტული ოპერატორები დაინტერესებული არიან აფხაზეთში ტურების ორგანიზებით. გაზეთი წერს, რომ მიუხედავად ქართული მხარის საპროტესტო ნოტისა, აფხაზეთის წარმომადგენლებმა მანც შესძლეს გამოფენაში მონაწილეობის მიღება.

” ამ ფაქტთან დაკავშირებით, აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის “ფეისბუქის” ინგლისურენოვან გვერდზე, ქართველი მომხმარებლები აკეთებდნენ შემდეგი შინაარსის კომენტარებს: “აფხაზეთი – ეს საქართველოა, რუსეთი – ოკუპანტია”. “ჩვენი სამმართველოს თანამშრომლები ოპერატიულად შლიდნენ შეურაცხმყოფელ და ნეგატიურ კომენტარებს, ასევე აგრესიულ მომხმარებლებს ბლოკავდნენ” – თქვა ინარა დაუროვამ.
აღსანიშნავია, რომ სულ 20 ქვეყანამ მიიღო რომ ბრატისლავაში გამართულ გამოფენაში მონაწილეობა, რომელიც საერთო ჯამში 200-დე ადამიანმა მოინახულა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კარანტინს გადახედავს
შემდეგი სტატიაკანადა, უცნაური სიმპტომების გამო, კუბაში საელჩოს შტატს ამცირებს