სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის წინააღმდეგია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გადაცემას და ამის გაკეთებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე გეგმავს.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, თავდაცვის სამინისტროს განზრახვის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი ოფიციალური წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამ პოზიციით ჩაპუტოვამ „პატივისცემა გამოხატა დემოკრატიული არჩევნების შედეგების მიმართ“.
როგორც ცნობილია, სლოვაკეთში 30 სექტემბერს გამართულ არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ და მისმა პარტიამ გაიმარჯვა, რომელიც წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ „უკრაინას არც ერთ ვაზნას აღარ გადასცემს“.
სლოვაკეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც არჩევნების შედეგად უმრავლესობა რობერტ ფიცოს პარტიამ და კიდევ რამდენიმე პატარა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო, რომლებიც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიან, კიევისთვის ახალი დახმარების გადაცემა საშიშ პრეცედენტს შექმნის.