Sky News-ის გამოძიება: სანქცირებული ავტომობილები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეჰყავთ

ბრიტანულმა ტელევიზია Sky News-მა მოამზადა საგამოძიებო სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილები რუსეთში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საშუალებით მაინც შედის.

საგამოძიებო სიუჟეტის ავტორი თავად იმყოფებოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე და ნახა, თუ როგორ გადაჰყავთ ძვირადღირებული დასავლური წარმოების ავტომობილები რუსეთში საქართველოდან.

ჟურნალისტი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შემდეგ დასავლეთიდან ექსპორტი რუსეთში განულდა, მაგრამ სწრაფად გაიზარდა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

Sky News-ის გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე 2 დღე იმუშავა და გაშიფრა სქემა, რომლის თანახმადაც, ევროპულ ძვირადღირებულ მანქანებს არეგისტრირებენ და განაბაჟებენ სომხეთში, შემდეგ კი სატრანზიტო-სანომრე ნიშნებით გადაჰყავთ რუსეთში ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით.

სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში მანქანების გადამყვანებს ურჩევენ, საზღვარზე თქვან, რომ არა რუსეთში, არამედ რუსეთის გავლით ყირგიზეთში მიდიან. ასევე, გამოძიების თანახმად, მანქანა საზღვრის იქით ქართველებს გადაჰყავთ, რადგან მათ შეუძლიათ რუსეთში უვიზოდ გადასვლა, საზღვრის იქით კი მათ ხვდებათ ჯგუფი, რომლებსაც უკვე მანქანა შემდგომ დანიშნულების ადგილზე მიჰყავს.

რეპორტაჟში ნათქვამია, რომ მსგავსი ხვრელების არსებობით აიხსნება, თუ როგორ მარაგდება რუსეთი ომის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებით.

Sky News-ის გამოძიებაში ნათქვამია, რომ შედეგი საპირისპიროა იმ დაპირებებთან, რომელიც სანქციების დაწესებისას გაიცა – მათი თქმით, რუსეთის ეკონომიკა ძლიერი რჩება, მოსკოვში არ არის აუცილებელი და არააუცილებელი საჭიროების საქონლის დეფიციტი, ამ გზაზე კი, კავკასიის ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველო და აზერბაიჯანია, არაფორმალური სავაჭრო არხის ფუნქციის შესრულებით უზარმაზარი ეკონომიკური ზრდა აქვთ.

“შევამოწმეთ ამ მანქანაზე და ღამით ჩამოყვანილ Range Rover-ზე ID ნომრები და ანაბეჭდები, ორივე ერთ რამეს ამბობს, რომ გამოშვებულია სოლიჰალის ქარხანაში წელს, 2024-ში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორი წლის წინ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ, რომლითაც ამ მანქანების რუსეთში გადატანა უნდა აღკვეთილიყო ვხედავთ, რომ ეს ავტომობილები აქ დგანან. ეს არის ერთ-ერთი რამდენიმე მარშრუტს შორის, რომლითაც რუსეთში შეაქვთ ასეთი ნივთები იარაღი და აღჭურვილობა, ეს ხდება გაშლილ და ღია ადგილზე”, – აცხადებს სიუჟეტის ავტორი.

ფორმულა

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, ქართველმა ემიგრანტებმა კიოლნში აქცია გამართეს
შემდეგი სტატიადავით კოდუა მოქალაქეებს: მადლობა, რომ ჩვენს გუნდში ხედავთ ძალას, რომელსაც ამ ქვეყნის წინსვლა შეუძლია