ბრიტანეთის სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმის ფიგურანტი რუსლან ბოშიროვი, რომელიც, სინამდვილეში, ბრიტანული მედიის ინფორმაციით, უშიშროების პოლკოვნიკი ანატოლი ჩეგიპაა, ხელმძღვანელობდა ოპერაციას, რომლის დროსაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წელს ქვეყნიდან რუსეთში გადააპარეს – “გამოძიებათა მართვის ცენტრის” ჟურნალისტმა სერგეი კანევმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსეთი დატოვა. “ჩეგიპა-ბოშიროვი რუსეთში იანუკოვიჩის ევაკუაციაში მონაწილეობდა. ყოველშემთხვევაში, ამას ჩემი წყაროები ასე ამბობენ. ის სპეცრაზმის საკუთარი ქვედანაყოფით იანუკოვიჩის რეზიდენციაში მივიდა, მეჟიგორიეში, სადაც მას იცავდა. იქიდან მათ ის რუსეთში გადაიყვანეს” – განაცხადა კანევმა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ ოპერაციისთვის მიიღო ბოშიროვმა რუსეთის გმირის წოდება. კანევი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში გამოძიების მასალებს გამოაქვეყნებს.
იანუკოვიჩის გარემოცვა აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ალექსანდრ გოროშინსკი ამბობს, რომ მან არაფერი იცის იანუკოვიჩის ევაკუაციაში რუსების მონაწილეობის შესახებ.
სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს მოწამლეს. ისინი რამდენიმე თვე საავადმყოფოში მკურნალობას გადიოდნენ. მათი მდგომარეობა თვეების მანძილზე შეფასებული იყო, როგორც კრიტიკული.