სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილებმა პირველი ინტერვიუ მისცეს

ტელეარხ RT-ს ეთერში გავიდა ინტერვიუ მამაკაცებთან, რომლებსაც ბრიტანეთის მთავრობა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში მთავარ ეჭვმიტანილებად მიიჩნევს. მამაკაცების თქმით, სოლსბერი ლამაზი ტურისტული ქალაქია, ამიტომაც ეწვივნენ მას. ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა დაადასტურეს, რომ ბრიტანეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ისინი არიან.

“თქვენ სინამდვილეში ვინ ხართ?” – კითხა მამაკაცებს ჟურნალისტმა. “ისინი, ვინც ფოტოებზე აჩვენეს” – პეტროვმა უპასუხა. მათი თქმით, პეტროვი და ბოშიროვი მათი ნამდვილი გვარებია. შეკითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ ისინი სოლსბერიში, პეტროვმა და ბოშიროვმა უპასუხეს, რომ ქალაქში იყვნენ, როგორც ტურისტები. “იქ ძალიან ლამაზი ეკლესიაა” – ბოშიროვმა თქვა.
– სკრიპალის სახლთან გაიარეთ? – ჟურნალისტმა კითხა მამაკაცებს.
– შეიძლება გავიარეთ კიდეც – თქვა ბოშიროვმა.
– რომ ვიცოდეთ სად მდებარეობს – ბოშიროვმა დაამატა.
– შეიძლება გავიარეთ, არ ვიცი. სანამ ეს კოშმარი არ დაიწყო, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა და მათზე არაფერი ვიცოდი – ბოშიროვმა თქვა.
– თქვენ რაიმე მომწამვლელი ნივთიერება ხომ არ გქონდათ? – წამყვანმა იკითხა.
– არა – მოკლედ უპასუხა ბოშიროვმა.
– ვფიქრობ, ეს ბოდვაა – პეტროვმა დაამატა.
– თქვენ ყოველთვის ერთად იყავით? რა გაერთიანებთ თქვენ? – წამყვანმა იკითხა.
– მოდით, პირადი ცხოვრების გამოქექვა არ გვინდა. ჩვენ დაკითხვაზე არ ვართ. – ბოშიროვმა თქვა.
შეკითხვაზე, თუ სად მუშაობენ ისინი, პეტროვმა უპასუხა, რომ “საშუალო დონის მეწარმეები არიან”.
– მოკლედ რომ ვთქვა, ეს ფიტნეს ინდუსტრიაა: ვიტამინები, მიკროელემენტები, პროტეინი და სხვა – პეტროვმა თქვა.
– სწორი კვება, ცხოვრების ჯანმრთელი წესი – ბოშიროვმა დაამატა.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა იციან სკრიპალების საქმეში ორი ეჭვმიტანილის ვინაობა. “არაფერი განსაკუთრებული და კრიმინალური, გარწმუნებთ” – თქვა პუტინმა და ბრიტანეთის მიერ დასახელებულ რუსეთის ორ მოქალაქეს ურჩია მედიასთან გამოჩენილიყვნენ. “ჩვენ, ცხადია, ვნახეთ, ვინ არიან ისინი. ვიცით, ვინც არიან, ვიპოვეთ ისინი. იმედი მაქვს, საკუთარ თავზე თვითონ ისაუბრებენ, ასე აჯობებს ყველასთვის” – თქვა პუტინმა ვლადივასტოკში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ორივე მამაკაცი სამოქალაქო პირია. “მინდა მათ მივმართო, რომ მოგვისმინონ. მივიდნენ რომელიმე მედიასთან” – პუტინმა მათ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა ურჩია – “ბიბისიმ” გაავრცელა.

გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ რუსეთის ორი მოქალაქის სახელი და გვარი დაასახელა, რომლებიც სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები არიან. მეის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილების მოგონილი სახელებია. ბრიტანეთის სპეციალურმა სამსახურებმა რამდენიმე დღის წინ გაეროში იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინეს, რომ სკრიპალები პეტროვმა და ბოშიროვმა მოწამლეს სოლსბერიში.

banner
წინა სტატიაშიცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა შესაძლოა, პატიმრობით დაისაჯოს
შემდეგი სტატია,,მას გამოეცალა მფარველები „ქართულ ოცნებაში”