სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, რომ “ვარდების რევოლუცია”, სინამდვილეში, გარედან მართული სახელმწიფო გადატრიალება იყო” – წულუკიანი

თეა წულუკიანის თქმით, დაუშვებელია იმაზე საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაიმე ტიპის თანამედროვე და რეალური ქართული სახელმწიფო შექმნა და გააძლიერა:

“ამ დასკვნის შედგენისა და პარლამენტის მიერ დადგენილებით დამტკიცების დღიდანვე, დამთავრებულია უკვე იმაზე საუბარი, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაიმე ტიპის თანამედროვე და რეალური ქართული სახელმწიფო შექმნა და გააძლიერა. ეს უბრალოდ დოკუმენტურად ვეღარ იქნება ასე, ის რა თქმა უნდა, ბევრს ისაუბრებს თავისი ადგილსამყოფლიდან, სანამ ცოცხალი იქნება, მაგრამ ამას არანაირი საფუძველი აღარ ექნება. […]

ძალიან კარგი იქნებოდა, თუნცა ეს ჩემი სურვილის დონეზე რჩება ჯერჯერობით, თუ ამ დასკვნიდან გამომდინარე, ეს პერიოდი, რაც ისწავლება საქართველოს სკოლებში, რაღაცნაირი კრიტიკული თვალით გადაიხედოს და ახალგაზრდებს, მოსწავლეებს არ ვაფიქრებინოთ ის, რაც არის ტყუილი, რომ თითქოს ვარდების რევოლუცია, იყო რევოლუცია, რაც რეალურად იყო გარედან მართული სახელმწიფო გადატრიალება.[…]

აქ ის ისტორიული ფაქტები რაც იყო 13 წლის წინ, 20 წლის წინ უკვე ისტორიაა, ალბათ საგანმანათლებლო პროცესშიც, როგორც არის წესი და რიგი და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით და ნებადართულობით, ფრთხილად შესატანი იქნებოდა სასწავლო პროცესში, ჩემი აზრით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოსწავლეს აფიქრებინო, რომ თითქოს ციხეებში ყველაფერი კარგად იყო, პირიქით, მოსწავლემ უნდა იცოდეს რა ხდებოდა ციხეებში”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქციაზე მივიდა, კობახიძემ კი მასთან შეხვედრა გააუქმა
შემდეგი სტატიაისინი არანაირი ლტოლვილები არ არიან – რომის ეკლესიის ეპისკოპოსი ისლამური ქვეყნებიდან მიგრაციაზე