სკოლებში ძალადობის პრევენციაზე შეხვედრა გაიმართა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 23, 2017 12:17

სკოლებში ძალადობის პრევენციაზე შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივით სკოლებში ბულინგის თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შეხვედრას თბილისისა და რუსთავის სკოლების დირექტორებიც დაესწრნენ. შეხვედრაზე სკოლის დირექტორებმა, არასამთავრობო სექტორისა და ცენტრის წარმომადგენლებმა სკოლაში ბულინგისა და ძალადობის პრევენციაზე იმსჯელეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ბულინგი 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად რჩება. იგი იგეგმება და ვითარდება არა მხოლოდ ხილულ გარემოში, არამედ სოციალური ქსელების და ინფორმაციულ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

შესაბამისად, ბულინგის პრევენცია და მართვა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შეხვედრის მონაწილეების აზრით, ბულინგის ფაქტების პრევენცია და დაძლევა სწორედ ადმინისტრაციის, მასწავლებლების და მშობლების აქტიური თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, გია მურღულიას ინიციატივით, იგეგმება სხვა შეხვედრებიც, სადაც ასოციაცია დირექტორებთან ერთად შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს ყველა იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც შესაძლოა სკოლებში ბულნგის პრევენციასა და მართვაში იყოს ჩართული.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა სკოლის ადმინისტრატორებთან ერთად ამ მიმართულებით ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები განიხილა, მათ ღია თანამშრომლობისკენ მოუწოდა და ის დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნო, რომლებიც სკოლებს ბულინგის პრობლემასთან ეფექტიანად გამკვლავებაში დაეხმარება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბულინგის პრევენციის მიმართულებით როგორც დირექტორებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის სხვადასხვა ტრენინგს ახორციელებს.

ბულინგის პრევენციის კომპონენტი ცენტრის მიერ შემუშავებულ სხვადასხვა მოდულშია ინტეგრირებული, თუმცა ამ მხრივ აღსანიშნავია სატრენინგო კურსი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის „ლიდერობის აკადემიის“ ტრენინგ-მოდული „თანასწორობის საკითხები,“ რომელსაც ყველა საჯარო სკოლის დირექტორი 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით გაივლის.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 23, 2017 12:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics