საქართველოს მთავრობამ პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა და სასწავლო პროცესში დანერგვა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე, ეტაპობრივად განხორციელდება.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით იგეგმება. ინიციატორების განმარტებით, მნიშვნელოვანია კანონი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე იქნეს მიღებული, რათა სამინისტრომ და სკოლებმა მოსამზადებელი სამუშაოების დროულად განხორციელება მოასწრონ.
მიმდინარე წლის 5 თებერვალს მიღებული ნორმით, სკოლებს განესაზღვრათ ვალდებულება, რომ 2028 წლის 1 სექტემბრიდან მხოლოდ სამინისტროს მიერ შექმნილი ან მასთან შეთანხმებული წიგნებით ესწავლებინათ.
ვინაიდან ახალი სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა და შექმნა დიდ დროს მოითხოვს, მთავრობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ჩანაცვლება მოხდეს საფეხურებრივად და არა ერთბაშად:
ახალი სახელმძღვანელოების საბოლოო ჩანაცვლებამდე, სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა, პარალელურად გამოიყენონ ძველი გრიფირებული ან ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი წიგნები (სამინისტროსთან შეთანხმებით).
ძველი სახელმძღვანელოების შეთანხმების წესსა და ვადებს განათლების მინისტრი ინდივიდუალური აქტით დაადგენს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა გულისხმობს ისეთი წიგნების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ცოდნის გაღრმავებას, სისტემურ აზროვნებასა და ეროვნული და მოქალაქეობრივი ღირებულებების გააზრებას. გარდა ამისა, რესურსები იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი.
2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლებში ახალი წიგნების ეტაპობრივი დანერგვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფას არ გამოიწვევს, ვინაიდან საჭირო ფინანსები სამინისტროს ისედაც გათვალისწინებული ჰქონდა 2026 წლის ბიუჯეტსა და საშუალოვადიან დოკუმენტებში.
კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.















